Skip to content Skip to footer

ფაღავა ვერა

ვერა ფაღავა 1907 წელს თბილისში დაიბადა, 1923 წელს კი, 16 წლის, მშობლებთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ვერა 1926–33 წლებში სწავლობდა დეკორატიული ხელოვნების სკოლაში, 1932 წლიდან ჩაირიცხა რანსონის კერძო აკადემიაში, სადაც ეუფლებოდა ფრესკულ ფერწერას როჟე ბისიერთან. 1943 წელს გაეცნო ჟანა ბუშეს, რომელმაც მოაწყო მისი და დორა მაარის ნამუშევრების გამოფენა მონპარნასის ბულვარში. მას შემდეგ მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო 1952–55 წლებში პიტსბურგში, 1953–58 წლებში ბრიუსელში, 1966 წელს ვენაში, აგრეთვე ბერლინში, სტოკჰოლმში, დიუსელდორფში, ტურინში, რომში… მისი ნახატები შეძენილი აქვთ შვედეთისა და გერმანიის მუზეუმებს, ხოლო პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ციურიხის, ლოზანის და დიჟონის მუზეუმებში ვერა ფაღავას ნამუშევრები წარმოდგენილია მუდმივ ექსპოზიციებში. ფაღავასეული ვიტრაჟები მიჩნეულია შედევრებად. ბელგიური პრესა წერდა მასზე:“ვერა ფაღავა ხელოვანია გასაკვირი ნიჭიერებით. მისი სურათები მარტივია, რათა დაგიპყროთ თავიანთი უბრალოებით“. ვერას შემოქმედება მოიცავს როგორც აბსტრაქტულ, ასევე ფიგურალურ ნახატებს, გრაფიკას, ფრესკებსა და მინასა და ტექსტილზე შესრულებულ ნამუშევრებს. მიუხედავად მრავალფეროვანი სტილისა თუ ჟანრებისა, მხატვრის ყველა ნამუშევარს აერთიანებს მისთვის დამახასიათებელი ფაქიზი ტექნიკა და პასტელური ფერები. მისი შემოქმედების ძირითად ნაწილს აბსტრაქცია იკავებს, მხატვარი ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ ყოველთვის აბსტრაქციონისტი იყო, მაშინაც კი, როდესაც ნატურმორტებს ხატავდა. მისი აბსტრაქციით დაინტერესება ადრეულ ნამუშევრებშიც შეიმჩნევა, სადაც რეალურ საგნებთან ერთად აბსტრაქტული ფორმები აქვს გამოყენებული.

ვერა ფაღავა
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1907-1988Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.