Skip to content Skip to footer

ტიმჩენკო ოლეგ

ოლეგ ტიმჩენკო ერთ-ერთი წევრია 1980-იანი წლების დასასრულისა და 1990-იანი წლების დასაწყისში მოქმედი ავანგარდული ჯგუფისა, რომელიც „X სართულის“ სახელითაა ცნობილი. ამ ჯგუფის წევრებმა პოსტ-მოდერნისტული ხელოვნების გააზრება და საკუთარ კონტექსტში მისი წარმოდგენა დაიწყეს ცვლილებებისკენ მიმართული „პერესტროიკის“ პერიოდში. მაშინ ქართველი აუდიტორია არ იცნობდა ფორმატებს – არტისტულ აქციას ან პერფორმანსს. აბსტრაქტული მხატვრობაც მხოლოდ დისიდენტურ პოზიციასთან ასოცირდებოდა. ოლეგ ტიმჩენკო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ამ ფორმატებს სთავაზობდა ქართველ საზოგადოებას. აქტუალურსა და პრობლემურ თემებზე არტისტული რეაქციების პარალელურად ოლეგ ტიმჩენკოს მხატვრობაში მუდმივ თემად რჩება ისტორია, ლიტერატურა, რომანტიზმისა და სიმბოლიზმის მემკვიდრეობა. მისი შემოქმედების მოყვარულთათვის განსაკუთრებულ ადგილას დგას ემოციურად დატვირთული, ერთგვარად განყენებული მდგომარეობები, სადაც მედიტაციური ტრანსი ვიზუალურ გამოსახულებადაა ქცეული და ბუნებასთან განუყოფლობას, მისი ენის „ცოდნასა“ და ერთგვარ უსასრულო არსებობას აჩვენებს. ამგვარია „დუმილი“, როცა არყის ხეების ტყე მუსიკალურ ჟღერადობას იძენს თავისი რიტმითა და, ამავე დროს, მარადიულთან შეხებით, ისევე, როგორც ბუნებასთან სრულად შერწყმული წყვილი „ღიღილოების მინდორზე“. ოლეგ ტიმჩენკო არის მხატვარი, რომელიც რომანტიკულ-სიმბოლისტური ხილვების პარალელურად კონცეპტუალურ პერფორმანსს წარმოგვიდგენს ან სრულიად დეკორატიულ-ზღაპრულ სერიას მისთვის სახასიათო მსუბუქი იუმორით მოსავს.

1990-იანი წლების დასაწყისში ნიკო ცეცხლაძემ და ოლეგ ტიმჩენკომ ღია, საჯარო სივრცეში – მიწისქვეშა გადასასვლელში აჩვენეს საქართველოში ერთ-ერთი პირველი პერფორმანსი

ოლეგ ტიმჩენკო
დაბადების თარიღი1957Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.