
ლევან მუზაშვილი დაიბადა 1983 წელს, ქალაქ თბილისში. 1999 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ქანდაკების მიმართულებით. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ვიქტორ ჭუმბურიძე, გოგი ოჩიაური, ლევან ცუცქირიძე, რუსუდან გაჩეჩილაძე და თამაზ შათირიშვილი. 2005 წელს, გოგი ოჩიაურის სახელოსნოში, წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი — „ქალის ფიგურა“. 2004–2006 წლებში იგი ქმნიდა ილუსტრაციებს ჟურნალისთვის „ჩვენი მწერლობა“.
2006 წლიდან ლევან მუზაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 2024 წლიდან იგი აკადემიის ასოცირებული პროფესორი, ქანდაკების მიმართულების ხელმძღვანელი და ქანდაკების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ავტორია. აკადემიური მოღვაწეობის პარალელურად, იგი აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2006–2012 წლებში მონაწილეობდა ინკლუზიური ბავშვებისთვის განკუთვნილ არტთერაპიულ პროექტებში, 2018 წელს დაარსა შემოქმედებითი სივრცე სახვითი ხელოვნების შესასწავლად, ხოლო 2025 წლიდან გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტროს საექსპერტო საბჭოს წევრი, რომელიც არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციების განთავსების საკითხებს განიხილავს.
მოქანდაკე აქტიურად ჩანს თანამედროვე საგამოფენო სივრცეშიც. 2022 წლიდან იგი გახდა ქანდაკების გამოფენათა ციკლის ერთ-ერთი ორგანიზატორი (პროექტები: „ქანდაკების მიმართულების 100 წლისადმი მიძღვნილი ჯგუფური გამოფენა — სამი თაობა“, „ქართული ქანდაკების თანამედროვე ინტერპრეტაციები“, „ქანდაკება რეალურ და იმიტირებულ სივრცეში“, „ქართული ქანდაკება: ხედვა წარსულსა და მომავალზე“). 2024 წლიდან იგი „ქანდაკების ფესტივალის“ თანაორგანიზატორია. ამავე წელს, საფრანგეთის ქალაქ ლევილში, ხელმძღვანელობდა სტუდენტურ მეტალის სიმპოზიუმს, რომლის ფარგლებში შექმნილი შვიდი სკულპტურა ლევილის ქართულ მამულში განთავსდა.
ლევან მუზაშვილის შემოქმედებითი კვლევა ეფუძნება ძველ ცივილიზაციებში არსებული იმ ფუნდამენტური საყრდენების ძიებას, რომლებმაც ჩვენს დრომდე მოაღწიეს. ხელოვანი იკვლევს ქანდაკების ენის იმ ასპექტებს, რომლებიც, დროის მსვლელობის მიუხედავად, უცვლელი რჩება და ამ ხელოვნებას უნიკალურობას ანიჭებს. მისთვის ქანდაკება ორი ფუნდამენტური ფენომენის გამოვლინებაა: ერთი მხრივ, ეს არის არქაული, მატრიარქატული მსოფლმხედველობის კვალი, ხოლო მეორე მხრივ — ელინიზმის ეპოქაში სათავედადებული და შემდგომ ქრისტიანულ სამყაროში დამკვიდრებული ღრმა სულიერი ხედვა, რომელიც ქანდაკების ყველაზე ფუნდამენტურ სტრუქტურას განაპირობებს. ავტორის ნამუშევრებში ორგანულადაა სინთეზირებული თანამედროვე ფილოსოფიური ხედვები და არქაული ფორმაწარმოქმნა. მოქანდაკის ნამუშევრები დაცულია მრავალ კერძო კოლექციაში.









