
ნანა (ნანული) ბურდული დაიბადა 1960 წელს თბილისში, მხატვრის, ლევან ბურდულის ოჯახში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა თეატრის მხატვრად და სწავლის პარალელურად თანამშრომლობდა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრთან და თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრთან. ასწავლიდა ხატვას ქართული ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრში, თბილისში. 1986 წლიდან მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში თბილისის ეროვნულ გალერეაში, ასევე მოსკოვსა და ტალინში. 2008-2009 წლებში მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერისა და ხატვის ლექტორად, ხოლო 2006 – 2008 წლებში ლეგიონოვოს უნივერსიტეტში (Legionowski Uniwersytet Trzeciego Wieku) – ფერწერისა და ხატვის ლექტორად.
გაფორმებული აქვს მრავალი მხატვრული თუ საგანმანათლებლო წიგნი; მათ შორის: კ. ბრაუნი – „სიცი და მოლი და საიდუმლო ბუნაგი“, პენი სვიფტი – „ტოტმაუსის ზღაპრები“, ი. მალაციძე. ნ. ჯანაშია – „პატარა ანბანი“, ანაბელ ლივინგსტონი – „მანგოს ხე“, მ. წიკლაური – „მარადისობის რიტუალი“. “ზღაპარი” “ანბანი” “მზის თვალები” წიგნის ყდები: “თეთრი ხბოები” “შუქურის მცველი”, გამომცემლობა “GORGA” – “ბრაზილიური ზღაპრები”, ილუსტრაციები და გრაფიკული დიზაინი ჟურნალებში „FOCUS“ და „WIEDZA I ŻYCIE“; ილუსტრაციები ჯულიან ტუვიმის (EM SA) წიგნებისთვის “Idzie Grześ” და “Dzońcio” და სხვ.
მონაწილეობდა პოლონეთისა და ევროპის არაერთ საერთაშორისო გამოფენაში: საერთაშორისო გამოფენა ვენეციაში; მე-5 საერთაშორისო გამოფენა „მინიატურული ხელოვნება“ სტოკჰოლმში; მე-4 საერთაშორისო გამოფენა ქალი მხატვრები „ჩვენ განსხვავებულები ვართ“; გალერეა „Art ADDICTION“ სტოკჰოლმში და მრავალი სხვა.
1995 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს პოლონეთში. მუშაობს ფერწერაში, წიგნის ილუსტრაციასა და კომპიუტერული გრაფიკაში.








