Skip to content Skip to footer

ასიტაშვილი თეონა

ქართველი გრაფიკოსი, მხატვარ-რესტავრატორი, საქართველოში დაზგური ფერწერის რესტავრაციის სკოლის ფუძემდებელი და საქართველოს დამსახურებული მხატვარი, თროგორც პეიზაჟისტი-აკვარელისტი, რეგულარულად მონაწილეობდა მხატვართა კავშირის ეგიდით ორგანიზებულ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებსა და შემოქმედებით სახელოსნოებში.

თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ (იოსებ შარლემანის სახელოსნო),  თეონა ასიტაშვილმა სწავლა განაგრძო დრეზდენის სამხატვრო გალერეის რესტავრაციის სახელოსნოში (1960 – 1966) და  ჰაინრიჰ შვაგარუსის ხელმძღვანელობით, მხატვარ-რესტავრატორის პროფესიას დაეუფლა.  დრეზდენში სწავლისა და მუშაობის პერიოდში, თეონა ასიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო დრეზდენის გალერეის 150-მდე ნამუშევრის რესტავრაციაში. მათ შორის იყო ტიციანის, დიურერის, რუბენსის, ვან-დეიკისა და კორეჯოს ნამუშევრები.

თბილისში დაბრუნებისთანავე, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის მიწვევით, სათავეში ჩაუდგა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ახლადშექმნილ, ფერწერის რესტავრაციისა და კონსერვაციის განყოფილების ლაბორატორიას (1964 – 1985).

მისი ხელმძღვანელობით რესტავტაცია ჩაუტარდა რუბენსის ნამუშევარს „სასიყვარულო პაემანი“, კრანახის ტილოს „მაჭანკალი“, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს: „მეეზოვე“, „მზარეული“, „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“, „თხა“, „კახეთის ეპოზი“. „ქეიფი ორსართულიანი სახლის წინ“.

1971 წელს თეონა ასიტაშვილი მიიწვიეს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ფერწერის კათედრაზე ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა რესტავრაციისა და კონსერვაციის განყოფილებას; ამით მან სათავე დაუდო დაზგური ფერწერის რესტავრაციის სკოლას; მოამზადა ოცდაათზე მეტი კვალიფიციური სპეციალისტი, რომლებიც დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობენ.

2002 წელს, თეონა ასიტაშვილის პერსონალური გამოფენა შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისის გალერეაში, ევროპის, ამერიკისა და რუსეთის კერძო კოლექციებში.

 

თეონა ასიტაშვილი
დაბადების წელი1930გარდაცვალების წელი2014AuthorAuthor nameShare

Leave a comment

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.