Skip to content Skip to footer

აფხაზი ზურა

ზურა აფხაზი (აფხაზიშვილი) თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1996) შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში, მუშაობდა უფლისციხეში ხატვის მასწავლებლად. არის ქართულ-გერმანული საზოგადოების წევრი. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ახალი ექსპრესიონისტული გერმანული მხატვრობისთვის სახასიათო ბრუტალობამ, დიდმა ფორმატებმა და აქცენტებმა ტექსტურაზე. თუმცა მხატვარმა შეძლო მათი განვითარება ორიგინალურ მრავალფეროვნებად მასშტაბურ სერიებში, რომლებშიც მკაფიოდ ვლინდება მისი ინდივიდუალური ხედვაც. ზურა აფხაზის სამხატვრო სტუდია უფლისციხის არქაული მონუმენტურობისა და შთამბეჭდავი პეიზაჟების გარემოცვაშია განთავსებული. აქ შეიძლება იმ მოტივების ამოცნობა, რაც ქმნის მისი ნამუშევრების ენას. კოსმოსის შავ-თეთრი სურათების გავლენით შექმნილი სერიები ისეთივე იდუმალია, როგორიც თავად კოსმოსი. ამ ხელოვანის მხატვრული ამოცანა ვერბალურად რთული გადმოსაცემია. თავადაც არ ცდილობს თეორიული განსაზღვრება მისცეს საკუთარ ძიებებს. მისთვის ეს საქმეა, რომელიც, ზოგადად, არსებობასთან, სიცოცხლესთანაა გათანაბრებული. მხატვარი ტილოებსა თუ სხვა ზედაპირებზე მუდმივი ექსპერიმენტირების შედეგად აგებს მრავალშრიანსა და ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ფაქტურებს. მისი ნებისმიერი ახალი ნამუშევარი, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში შეთხზულ ცალკეულ ისტორიას გადმოცემს, სადაც შეიძლება ჭვარტლიდან პიგმენტების მიღებას მოჰყვეს უცნაური მინარევების მთელი წყება და საბოლოოდ გამოსახულებაც, რომლის „შიგნითაც უამრავი რამე ხდება“. ზურა აფხაზი „კოსმოსის რუკების“ მხატვარია და ხშირად მიმართავს გეომეტრიულ სხეულებს, მანდალას მოტივებს და შავ-თეთრის უსასრულო კომბინაციებით მათ მრავალფეროვან გამოსახულებებად აქცევს.

ზურა აფხაზი
დაბადების თარიღი1968Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.