Skip to content Skip to footer

ჯაში აკაკი

აკაკი ჯაშის პროფესიული განათლება ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში იწყება, ხატვისა და ფერწერის მიმართულებით (2000-2005). მოგვიანებით მან სწავლა თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა, სადაც ჯერ სახვითი ფაკულტეტის კინო-ტელე მხატვრობის სპეციალობაზე ბაკალავრის ხარისხი დაიცვა (2005-2009), ხოლო შემდეგ თეატრის მხატვრობის სპეციალობით მაგისტრის ხარისხი მოიპოვა (2009-2011).

თავისებური ხედვისა და ორიგინალური ხელწერის მქონე მხატვარი სიმბოლურ-ალეგორიული ფორმებით მეტყველებს. ფსიქოლოგიური შინაარსის ნამუშევრები დინამიური, ლაკონური კომპოზიციური გადაწყვეტით გამოირჩევა, გარემო პირობითია და ხშირად სურათის შინაარსის აქცენტირებას ემსახურება. მხატვრის ადრეულ ნამუშევრებში ფერადოვანი გამა უფრო ინტენსიურია, შემდგომში კი უფრო მუქი და თავშეკავებული ხდება. თუმცა მონოქრომული სურათებიც კი მდიდარია შუქჩრდილოვანი ნიუანსებითა თუ ფაქტურული ეფექტებით. სერია ანგელოზები – გამორჩეული ეტაპია მხატვრის შემოქმედებაში, როგორც ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით, ასევე მხატვრული ფორმის გააზრებით. პერსონაჟთა უტირებული, ირეალური სახეები წარმოადგენს ავტორის სუბიექტური განცდებისა და ემოციური მდგომარეობის რეფლექსიას; „დედამიწის ანგელოზები“ დაცლილია რელიგიური შინაარსისგან.

აკაკი ჯაშის შემოქმედებაში სრულიად ახალი ეტაპია  ციფრული მხატვრობა, სადაც მხატვარი ხშირად ექსპერიმენტულ პრაქტიკას მიმართავს: იღებს ფოტოს, სადაც საინტერესო ფაქტურაა ასახული და ზედვე ახატავს გამოსახულებას, ამრიგად გამოსახულება და ფონი ერთი მთლიანი ნაწილი ხდება.

მისი პროფესიული კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული კინოსა და თეატრთან, სადაც იგი წლების განმავლობაში ნაყოფიერად საქმიანობს. აკაკი ჯაში იყო დამდგმელი მხატვარი ისეთი კინოსურათებისა, როგორებიცაა ლ. ადამიას დოკუმენტური ფილმი მეკობრეები (2016), გია დიასამიძის დოკუმენტური ფილმი ომრი (2026) და ზაზა ხალვაშის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები ნამე (2017-2018) და ლოტო (2019-2020).

იგი აქტიურად მუშაობს თეატრის მხატვრობაში: დამდგმელი მხატვარი მუსიკალური სპექტაკლისა გმირის სიმღერა (2025) და ა. ჩიღვინიძის პიესისა უხერხემლო (2026) და სხვ.  2018 წლიდან დღემდე იგი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხატვარია, 2023 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხატვრად მუშაობს, ხოლო 2017 წლიდან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგია კინომხატვრობის მიმართულებით.

აკაკი ჯაშის შემოქმედება მრავალრიცხოვან გამოფენაზე ყოფილა წარმოდგენილი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მან არაერთი პერსონალური გამოფენა მოაწყო თბილისსა და ბათუმში, მათ შორის გალერეაში აკადემია+ (2010, 2012), აჭარის ხელოვნების მუზეუმში (2011, 2022), კულტურის ცენტრში მუზა (2012), თიბისი გალერეასა (2014) და კახაბერის შოურუმში (2022). პარალელურად, იგი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში, სიმპოზიუმებსა და პლენერებში ავსტრიაში, ლიტვაში, პოლონეთში, თურქეთსა და დანიაში (2012-2023), სადაც კ. ზდანევიჩის სახელობის არტისტული წიგნის საერთაშორისო კონკურსზე დიპლომითაც დაჯილდოვდა (2022). მხატვრის ჯგუფური გამოფენების მოიცავს თბილისის სამხატვრო აკადემიას (2008-2010), ქუთაისის დ. კაკაბაძის სახელობის გალერეას (2024) და აჭარის ხელოვნების მუზეუმის არაერთ ექსპოზიციას. აღსანიშნავია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი – 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული ჯგუფური გამოფენა ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმში (2026).

აკაკი ჯაში
198030 სექტემბერიShare

Leave a comment

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.