
მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძე (1932–2024) დაიბადა თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით სადიპლომო ნამუშევრებისთვის შექმნა „ბალეტის დიდოსტატი ვახტანგ ჭაბუკიანი“ და „თამარ მეფე“.
„თამარ მეფის“ ესკიზი სადიპლომო ნამუშევრად არ დაამტკიცეს – მეფის გამოსახულება იმ პერიოდის საბჭოთა ცენზურისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ვახტანგ ჭაბუკიანის ქანდაკება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოიეში დაიდგა, რაც ახალგაზრდა მოქანდაკის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება და მისი ნიჭის აღიარება იყო.
1960 წლიდან ჯემალ ჯაფარიძის ნამუშევრები იფინებოდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი მუშაობდა მონუმენტური, საპარკო და პორტრეტული ქანდაკების ჟანრებში; მასალად იყენებდა ქვას, ლითონსა და ხეს.
მოქანდაკის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა მებრძოლი ქალის სახე იყო, რომელიც მან თამარ მეფის, მედეას, ამორძალებისა და მშვილდოსნების გამოსახულებებში განასახიერა. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქალთა ლირიულ სახეებსაც – თანამედროვე ქალების პორტრეტებს, დედაშვილობისა და ოჯახის თემებზე შექმნილ კომპოზიციებს.









