Skip to content Skip to footer

ოჩიაური გოგი

მოქანდაკე, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გოგი ოჩიაური დაიბადა 1927 წელს, ახიელში, დუშეთის რაიონი. იგი ქართველ მოქანდაკეთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელია, რომელთა შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეროვნული იდენტობის გამომხატველი ხასიათისა და მოტივების ძიებას ჰქონდა.

მის მიერ შექმნილ სკულპტურებს შორის განსაკუთრებით ცნობილია მონუმენტური ქანდაკებები: „აჯანყება“ — მხატვრის სადიპლომო ნამუშევარი (ბრინჯაო, 1984, ლანჩხუთი), „ვაჟა-ფშაველა“ (ბრინჯაო, 1972, თბილისი), ბიჭვინთის დასასვენებელი კომპლექსისთვის შექმნილი ცნობილი კომპოზიცია „ზღვა“ (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთა, საქართველო), ვაკის პარკის სკულპტურული ანსამბლი „დიდების მემორიალი“ (ბრინჯაო, 1985, თბილისი) და კომპოზიცია „რესტავრაცია“ (სხვა სახელწოდებით — „აღორძინება“, ბრინჯაო, 1989, თბილისი).

ოჩიაურის ქანდაკებები ხშირად იწვევდა საზოგადოებრივ დისპუტებსა და აზრთა სხვადასხვაობას. „აჯანყება“ მოსკოვში, 1953 წელს, დიპლომების საკავშირო გამოფენაზე ფორმალიზმად შერაცხეს და მწვავედ გააკრიტიკეს მოჯანყის „გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის“ გამო. თუმცა, მოგვიანებით, 1984 წელს, იგივე ქანდაკება ლანჩხუთის ცენტრალურ მოედანზე აღმართეს. „დიდების მემორიალის“ სკულპტურული ანსამბლი, რომელიც თავდაპირველად მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას მიეძღვნა, დღეს ორ ნაწილად არის დაშლილი: „ადგილის დედის“ 18-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება კვლავ ვაკის პარკში დგას, უცნობი ჯარისკაცის საფლავის მცველი მეომრების ფიგურები კი გორშია გადატანილი და დღეს „ეროვნული შერიგების მონუმენტის“ სახელით არის ცნობილი. „რესტავრაციის“ სახელწოდების მქონე ქალის დანაწევრებული ტორსი თავდაპირველად მოსახლეობისთვის რთულად მისაღები აღმოჩნდა, თუმცა მალევე ქანდაკება 90-იანი წლების საქართველოს სიმბოლოდ იქცა.

წლების განმავლობაში მოქანდაკე თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასს ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით არაერთი ქართველი მოქანდაკე დაოსტატდა.

გოგი ოჩიაურს ეკუთვნის როგორც მონუმენტური ფიგურები (რომელთა უმრავლესობა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დგას), ასევე მცირე ზომის ქანდაკებები. იგი ასევე იყო წიგნის ილუსტრატორი — დასურათებული აქვს ანა კალანდაძის, გრიგოლ აბაშიძის, გიორგი ლეონიძის, ვაჟა-ფშაველას, გურამ რჩეულიშვილის წიგნები და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

გოგი ოჩიაური გიორგი შენგელაიას ფილმ „ალავერდობის“ დამდგმელი მხატვარია. ამასთან ერთად, დაწერილი აქვს წიგნი „ევროპული ქანდაკების ბუნებისთვის“ (2002).

1990–1991 წლებში იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

2012–2015 წლებში გიორგი ოჩიაური იყო საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი. 2012 წელს იგი დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით ხელოვნებაში გამორჩეული მიღწევებისა და აღმატებული ღვაწლისთვის.

წყარო: გოგი ოჩიაური, ოჩიაური ლელა, „ლიტერა“, თბილისი, 2008.

გოგი ოჩიაური
დაბადების თარიღი10 იანვარი1927გარდაცვალების თარიღი18 ოქტომბერი 2017Share

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.