Skip to content Skip to footer

ჯაფარიძე უჩა

უჩა (ილია) ჯაფარიძე  – ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი და პედაგოგი  –  XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ქართულ სახელოვნებო ისტორიოგრაფიაში იგი, უპირველესად, ქართული სოცრეალისტური მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და ლიდერადაა აღიარებული. თუმცა, მისი ხანგრძლივი შემოქმედებითი გზა უფრო ფართო ისტორიულ-მხატვრულ პროცესს  –  ქართული მოდერნიზმიდან იდეოლოგიურად რეგლამენტირებულ სოცრეალიზმამდე გარდაქმნას  ასახავს.

ჯაფარიძე 1906 წელს რაჭაში, სოფელ ღარში დაიბადა. დაწყებითი სამხატვრო განათლება ონის სამხატვრო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი მოსე თოიძის სტუდიაში სწავლობდა. 1924 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1931 წელს დაამთავრა. მისი პროფესიული ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, ეღიშე თათევოსიანთან, იოსებ შარლემანსა და ევგენი ლანსერესთან ურთიერთობა. მათი გავლენა აშკარად ჩანს მხატვრის ადრეული პერიოდის თავისუფალ კომპოზიციურ ძიებებში, დეკორატიულ ფერადოვნებასა და სიმბოლურ-მეტაფორულ აზროვნებაში.

ჯაფარიძის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევრები წიგნის გრაფიკას უკავშირდება. 1926 წელს მან იოსებ იმედაშვილის პოემა მზეთამზისა და როდიონ ქორქიას მოთხრობა სიმართლისათვის ილუსტრაციები შეასრულა. 1931 წელს საქართველოს რევოლუციურ მხატვართა ასოციაცია „სარმას“ გამოფენაზე წარადგინა სურათი ძველი და ახალი. 1930-იანი წლებიდან მისი შემოქმედება თანდათან მოექცა სოცრეალიზმის თემატიკურ და სტილისტურ ჩარჩოებში. ისტორიულ-რევოლუციური კომპოზიციებისა და ოფიციალური პორტრეტების გვერდით იგი ქმნიდა რაჭისა და თბილისის პეიზაჟებს, სოფლის ყოფის სცენებს, ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ანიმალისტურ ნამუშევრებს.

მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დედის, მეუღლისა და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებს, აგრეთვე ნამუშევრებს: ღრუტუნა (1938), მარტოობა და ნიკორწმინდა (1972). მისთვის სოფლის სამყარო მხოლოდ ყოფითი თხრობის საგანი არ არის: ადამიანისა და ცხოველის სახეები ხშირად შრომის, მსხვერპლის, მოთმინებისა და ტრაგიკული გამოცდილების მეტაფორულ მნიშვნელობას იძენს. აღსანიშნავია წიგნის გრაფიკაც –  ილია ჭავჭავაძის რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები.

1936 წლიდან ჯაფარიძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა, 1942–1948 წლებში კი აკადემიის რექტორი იყო. მას მიენიჭა საქართველოსა და სსრკ-ის სახალხო მხატვრის წოდებები; 1982 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, ხოლო 1987 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

მისი ნამუშევრები დაცულია უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს ერვონულ გალერეაში, აღმოსავლეთის ხელოვნების სახე3ლმწიფო მუზეუმში, მოსკოვში და კერძო კოლექციებში. მხატვრის მემკვიდრეობა დღეს საშუალებას გვაძლევს, მისი შემოქმედება დავინახოთ არა მხოლოდ სოცრეალიზმის ფარგლებში, არამედ XX საუკუნის ქართული ხელოვნების წინააღმდეგობრივი ისტორიის ნაწილად.

უჩა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი17 აგვისტო, 1906გარდაცვალების თარიღი6 ივლისი, 1988Share

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.