Skip to content Skip to footer

ხანიაშვილი გიორგი

გიორგი ხანიაშვილი (დ. 1982, თბილისი) თანამედროვე ქართველი ფერმწერი  და მოქანდაკეა. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში (1997–2002), შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით (2002–2007). მუშაობს ფერწერაში, ქანდაკებასა და რელიეფში. მის ნამუშევრებს ახასიათებს გროტესკი, ირონია და გარდასახვა: ადამიანისა და  ცხოველის, საკრალურისა და პროფანულის ერთმანეთთან  მოულოდნელი დაკავშირება.

ხანიაშვილის  სკულპტურები ხშირად ფოტოგრაფიებსა და მხატვრისავე ნახატების სამგანზომილებიანი ვერსიებია. ხეში მუშაობა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო. როგორც თავად იხსენებს, აკადემიაში სწავლისას შემოსავლისთვის ბზის ხისგან ხატებსა და ჯვრებს ამზადებდა. ერთხელ მუშაობისას ხე გაუფუჭდა და დარჩენილი მასალით პატარა ობიექტი გამოკვეთა. ამ შემთხვევის შემდეგ სამგანზომილებიან ფორმებზე მუშაობა განაგრძო. მოგვიანებით ძველი ჩანახატებიც ქანდაკებებად აქცია  და სხვადასხვა მასალაში გადაიტანა.

მისი მხატვრული ენა განსხვავებული ვიზუალური წყაროების შეხვედრით ყალიბდება. ადრეულ ფერწერულ ნამუშევრებში ფერადი ჟურნალების ესთეტიკა აქვს გამოყენებული;  ქანდაკებებში – ანტიკური და ბიზანტიური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი იკონოგრაფია.  ქერუბიმებისა და ანგელოზების სახეები მის ნამუშევრებში ხელშესახებ, სამგანზომილებიან ფორმებს იძენს. მისი ფერწერა სიმბოლური და გროტესკული თემებით არ შემოიფარგლება: პეიზაჟებში გარემოს ფერადი მასებითა და სივრცის მკაფიო რიტმით აგებს.

ხანიაშვილის ნამუშევრები გამოფენილია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 2019 წელს ის მონაწილეობდა ლიუბლიანის გრაფიკული ხელოვნების 33-ე ბიენალეში, რომლის კურატორი ხელოვანთა კოლექტივი Slavs and Tatars იყო.  ხეში გამოკვეთილი მისი ოჯახური პორტრეტი კრაკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, MOCAK-ის, კოლექციაშია.

ხანიაშვილის საჯარო ნამუშევარია „დროის ნაწნავები“ (2024), რომელიც თბილისში,  ზაარბრიუკენის მოედანზე დგას. ყვითელი ტუფისგან გამოკვეთილი ქანდაკება თითქმის სამი მეტრის სიმაღლის ქალის ფიგურაა. თმა მის სხეულს ეხვევა და ქვედა ნაწილში ფესვებად გარდაიქმნება.

წყაროები

გიორგი ხანიაშვილი
დაბადების თარიღი1982Share

Leave a comment

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.