Skip to content Skip to footer
ნუგზარ მეძმარიაშვილი
დაბადების წელი18 თებერვალი, 1945Share

მეძმარიაშვილი ნუგზარ

ნუგზარ მეძმარიაშვილი (დ. 1945)  –   ფერმწერი, გრაფიკოსი და 1970/1980-იანი წლების ქართული მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თბილისის არქიტექტურულ და საზოგადოებრივ სივრცეებში და ქალაქის მხატვრული იდენტობის ნაწილად იქცა.

მეძმარიაშვილის შემოქმედება მოიცავს სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს  –  მოზაიკასა და ენკაუსტიკას, ბეჭდვით გრაფიკასა და თანამედროვე ციფრულ მედიუმებს.

მეძმარიაშვილის შემოქმედებითი გზის დასაწყისს უკავშირდება მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი  –  მოზაიკური პანო „პრომეთე“. თავდაპირველად იგი მხატვრის სადიპლომო ნამუშევარი იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე, სადაც მეძმარიაშვილი მხატვრულ კერამიკას ეუფლებოდა. აკადემიის საბჭომ პროექტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის არქიტექტორებს სამკითხველო დარბაზის ინტერიერში განხორციელების მიზნით წარუდგინა. მოზაიკური პანო 1970 წელს შესრულდა; იგი დღემდე თავდაპირველ სივრცეშია დაცული და თბილისის მონუმენტური ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.

მხატვრის მონუმენტურ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია სპორტკომპლექს „ქარიშხალასთვის“ ენკაუსტიკის ტექნიკით შესრულებული პანო „გამარჯვება“. ნამუშევარი შენობის რეკონსტრუქციის დროს განადგურდა. მეძმარიაშვილს ეკუთვნის აგრეთვე არაერთი პანო და დეკორატიული კომპოზიცია, შესრულებული როგორც საქართველოში (დასასვენებელი კომპლექსისთვის შექმნილი გობელენი „ღამე“),  ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში.

მისი შემოქმედების რელიგიურ მიმართულებას წარმოადგენს 2002 წელს ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის წყაროსთვის შექმნილი მარიამ ღვთისმშობლის მოზაიკა. ამ ნამუშევარში მხატვრის მონუმენტური გამოცდილება საკულტო სივრცის მხატვრულ მოთხოვნებს დაუკავშირდა.

ნუგზარ მეძმარიაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მხატვარია,  რომელმაც ციფრულ მედიუმს მიმართა. ამ ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები დღეს მისი შემოქმედების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისადმი  მხატვრის ინტერესს წარმოაჩენს.

ნუგზარ მეძმარიაშვილი 1971 წელს საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი გახდა; 1982–1987 წლებში იგი ამავე კავშირის მდივანი იყო. ამასთანავე, მხატვარი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე, ხოლო 1987–1989 წლებში აკადემიის სასწავლო დარგის პრორექტორის თანამდებობა ეკავა.

მეძმარიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო, საერთაშორისო და ჯგუფურ გამოფენებში. მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა მოსკოვსა და თბილისში. 2026 წელს საქართველოს ეროვნულ გალერეაში მოეწყო ნუგზარ მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენა, რომელმაც სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები და მისი შემოქმედებითი დიაპაზონი წარმოადგინა.

1982 წელს ნუგზარ მეძმარიაშვილს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა. მისი შემოქმედებითი გზა აერთიანებს ქართული მონუმენტური ხელოვნების საბჭოთა პერიოდის გამოცდილებას, პოსტსაბჭოთა ეპოქაში მედიუმების ცვლილებასა და ციფრული ხელოვნების განვითარებას. თბილისში შექმნილი მისი ნამუშევრები დღეს ქალაქის მონუმენტური მემკვიდრეობის ნაწილია.

 

Leave a comment

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.