
დაიბადა 1988 წლის 3 მარტს მოსკოვში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. თეონა ბავშვობიდან ხატავდა. მოსკოვში დაამთავრა სამხატვრო სკოლა, 2009 წელს კი – თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით. ფულბრაიტის პროგრამით 2015 წელს ნიუ-იორკში ჩავიდა და სწავლა დაიწყო სირაკუზის უნივერსიტეტის ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების კოლეჯში, სადაც ფერწერის მაგისტრის წოდებაც მიიღო (2018). სწავლის პროცესში მიანიჭეს მრავალი პრესტიჟული სტიპენდია, მათ შორის, მასკის პროგრამისა და ელიზაბეტ გრინშილდის ფონდის გრანტები. ამჟამად სადოქტორო თემაზე მუშაობს (PhD) მელბურნის უნივერსიტეტში, ავსტრალია.
ხელოვანი იკვლევს ისეთ თემებს როგორიცაა იდენტობა, კოლექტიური მეხსიერება, დევნილობა და გაუცხოება. მის ნამუშევრებში ხშირად ასახულნი არიან ქალები, რომლებიც დაზარალდნენ კონფლიქტის გამო ან ტრავმული შემთხვევების გადატანის შედეგად.
მხატვარს მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენაში, მათ შორის: ევერსონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (აშშ) პროექტში “ის დღე ახლა: ჰიროსიმას ჩრდილები”, რომელიც მიეძღვნა იაპონიაში ჰიროსიმას ატომური დაბომბვიდან 70 წლისთავს (2017). 2012–2018 წლებში ნიუ იორკისა და ჩიკაგოს გალერეებში – რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში; 2018 წელს კი, ჩიკაგოს ბიენალეზე წარსდგა თავისი ნამუშევრით – ახალგაზრდა პატარძლის პორტრეტი სახელად – “დამალული”. 2019 წელს თეონა იამანიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა საქართველოს საკონსულოში, ქალაქ ნიუ-იორკში. 2022 წელს კი საქართველოში, კაჭრეთის “არტ გალერიაში” მოეწყო გამოფენა სახელწოდებით – “ქვიშის მარცვალი”. ექსპოზიცია აერთიანებდა იმ ემიგრანტი ქართველი ქალების პირად გამოცდილებას, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომი შეეხო. 2024 წელს თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA Tbilisi) გაიმართა გამოფენა “Apocalypse, reflections”; 2024 წელს – გამოფენა „ვინ არის მუზა“ (Who’s the Muse), პალო გალერეაში (Palo Gallery), ნიუ-იორკი, აშშ; ხოლო 2024 და 2025 წლებში – გამოფენები VCA არტ სივრცეში, მელბურნი, ავსტრალია. ამჟამად, თეონა იამანიძე ცხოვრობს და მოღვაწეობს მელბურნში.







