Skip to content Skip to footer

დონცოვა ევგენია

ევგენია დონცოვა დაიბადა რუსეთის ქალაქ როსტოვში 1924 წელს. ხელოვანი თბილისში II მსოფლიო ომის დროს, ევაკუაციისას მოხვდა. 1942–1949 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში თეატრის დეკორაციის ფაკულტეტზე, სადაც მას დავით კაკაბაძე და სერგო ქობულაძე ასწავლიდნენ. 1950 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში: თავდაპირველად მუშაობდა ირინა შტენბერგის ხელმძღვანელობით, ხოლო 1964 წელს თეატრის მთავარ მხატვრად დაინიშნა. მან დაახლოებით 100 სპექტაკლი გააფორმა, აქედან 70-ზე მეტი დეკორაცია განკუთვნილი იყო გრიბოედოვის თეატრისთვის. მის მიერ შექმნილი გრაფიკული და აკვარელური ნამუშევრები, ლითოგრაფიები და დაზგური კომპოზიციები გამოირჩევა მაღალი ოსტატობით. ხელოვანმა შექმნა დეკორაციები სპექტაკლებისთვის: „ცოცხალი გვამი“ (ლ. ტოლსტოი, 1950 წ.), „ძაღლი თივაზე“ (ლოპე დე ვეგა, 1954 წ.), „მარადისობის კანონი“ (ნ. დუმბაძე), „დები“ (მ. ბულგაკოვი) და სხვ. მისი თეატრალური დეკორაციები გამოირჩეოდა ნათელი, ამაღელვებელი და ემოციური ხასიათით; ის ყოველთვის საინტერესოდ უდგებოდა სცენაზე მხატვრული სამყაროს შექმნას და დეკორაციებით გამოხატავდა ადამიანისა და მის გარშემო არსებული მატერიალური სამყაროს, დროისა და სივრცის განუყოფელ ერთიანობას, კოპირების ნაცვლად კი ემოციური ზემოქმედების მქონე სამყაროს ქმნიდა. დონცოვა მუშაობდა სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქშიც: 1973 წელს აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შექმნა დეკორაციები სპექტაკლისთვის „საიათნოვა“, ხოლო 1974 წელს ოდესის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მისი ავტორობით შეიქმნა დეკორაციები სპექტაკლისთვის „პიკის ქალი“. მისმა გაფორმებულმა მრავალმა სპექტაკლმა მოიპოვა დიდი პოპულარობა და უამრავი სახელმწიფო ჯილდო ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.

 
ევგენია დონცოვა
დაბადების თარიღი19 დეკემბერი, 1924გარდაცვალების თარიღი11 აგვისტო, 2006Share

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.