თამარ ხარაბაძე – მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი 1970-იანი წლების მხატვართა თაობის წარმომადგენელია.
1974 წელს დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (ფრანგული ენის ფაკულტეტი), 1972-1976 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე, ფერწერის სპეციალობით.
1976 წლიდან დღემდე ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე ასწავლის ფერწერას და კომპოზიციას. 1980-1992 წლებში მუშაობდა კონსულტანტის თანამდებობაზე საქართველოს მხატვართა კავშირში. 2004-2007 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის დოცენტი. 2007 წლიდან ამავე ფაკულტეტის მიწვეული პედაგოგია.
1976 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. თამარ ხარაბაძის ნამუშევრები დაცულია კანადის, ჰოლანდიის, უნგრეთის, საფრანგეთის, რუსეთის, თურქეთის, გერმანიის, პოლონეთის, ვიეტნამის კერძო კოლექციებში.