Skip to content Skip to footer

წულაძე ერეკლე

ერეკლე წულაძემ სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ იაკობ ნიკოლაძის სახელობის კოლეჯი დაასრულა – გრაფიკის ფაკულტეტი, შემდეგ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების ფაკულტეტი. ერეკლე წულაძე, ინოვაციური მასალებითა და ტექნოლოგიებით შესრულებულ ქანდაკებაზე მუშაობს.
ერეკლეს ქანდაკება საჯარო სივრცეში პირველად დაიდგა 2012 წელს- ,,მე შენ და ბათუმი“, ქალაქ ბათუმის ბულვარში. ემოციური აღმოჩნდა როგორც ავტორისთვის, ასევე ქართველებისთვის ქანდაკება ,,ბეგი“, რომელიც თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილას ,,მზიურის პარკში“ 2022 წელს განთავსდა და თბილისის ცნობილ ტრაგედიას (13 ივნისის წყალდიდობა) უკავშირდება. ქანდაკება სარკისებრი უჟანგავი ფოლადით 316L არის შესრულებული. ასეთივე ტექნოლოგიით არის შექმნილი ემიგრანტთა მემორიალი, თბილისი 2023.
ერეკლე წულაძის ნამუშევრების კონცეფციაა სწრაფვა იდეალური ფორმისკენ, რომელიც ეფუძნება ქანდაკების შექმნის ტრადიციულ მიდგომას, მაგრამ ამავდროულად თანამედროვე და ინდივიდუალურია. მისი ქანდაკებების ზედაპირი აირეკლავს გარშემო სივრცეს და ქმნის ურთიერთქმედებას გარემოსთან. ქანდაკებასთან მდგომ ადამიანს შეუძლია სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს საკუთარი თავი და გახდეს ნამუშევრის ნაწილი. ავტორი ქანდაკებებთან ერთად ქმნის ალგორითმს, რომელზე დაყრდნობითაც შეიქმნება აპლიკაცია. აპლიკაციის მეშვეობით ადამიანს შეეძლება ქანდაკება გადაადგილოს, მიანიჭოს ფერი აამოაძრაოს, გაახმოვანოს, ან კითხვა დაუსვას სხვადასხვა ენაზე.
ერეკლეს არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს გამართული. პირველი რეტროსპექტული გამოფენა ეროვნულ ფოლკლორის ცენტრში 2013 წელს გაიხსნა; თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმი (2019); CROSTY Concept- ის სივრცე (2022); ,,სადგური 34” – “გამრეკელი მოდერნ”-ის საგალერეო სივრცე (2022 წელი).
ერეკლე წულაძის ნამუშევრები დაცულია, სხვადასხვა კერძო კოლექციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გაფორმებული აქვა რამდენიმე კერძო სივრცე. დაჯილდოვებულია რამდენიმე დიპლომითა და სიგელით: არის საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი, მიღებული აქვს საპატიო ჯილდო ლიეტუვის მთავრობისგან, არის ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული (2021). 

ერეკლე წულაძე
დაბადების თარიღი1987Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.