ქართველი და რუსი ფერმწერი, მოქანდაკე, მონუმენტალისტი და პედაგოგი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი (1997–2025), სოციალისტური შრომის გმირი (1990), საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1980), რუსეთის ფედერაციის სახალხო მხატვარი (1994). ლენინური პრემიის ლაურეატი (1976), ლენინის ორდენის კავალერი (1990), სსრკ-ისა და რუსეთის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1970, 1982, 1996). მისი მონუმენტურ-დეკორატიული პანოები და კოლოსალური ქანდაკებები აღმართულია მრავალ ქვეყანაში: საქართველოში, რუსეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიასა და ბრაზილიაში.
1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1960-იან წლებში გადაინაცვლა სამხატვრო ინდუსტრიის სფეროში: მუშაობდა თბილისის სამხატვრო საწარმოო კომბინატის გამფორმებელი საამქროს მთავარ ოსტატად, შემდეგ კი — საქართველოს მხატვართა კავშირის მონუმენტური ხელოვნების სექციის შემოქმედებით ხელმძღვანელად.
მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების აღმავლობის პერიოდში წერეთელმა შექმნა მრავალი მოზაიკური კომპოზიცია, მათ შორის ავტობუსის გაჩერებები გაგრაში, ბიჭვინთასა და ახალ ათონში. მისი პირველი მსხვილი საკავშირო დაკვეთა იყო ულიანოვსკის ლენინის მემორიალური კომპლექსის ბასეინი ზღვის ფსკერი (1969–1970), რომლისთვისაც სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
1970 წელს მისი ხელმძღვანელობით ქართველმა მხატვრებმა (გოგი ოჩიაური, მერაბ ბერძენიშვილი, ნუგზარ მეძმარიაშვილი, გულდა კალაძე და სხვები) შექმნეს მონუმენტური და დეკორატიული კომპოზიციები ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსისთვის. 1980 წელს წერეთელი დაინიშნა მოსკოვის XXII ოლიმპიური თამაშების მთავარ მხატვრად. 1985 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრას.
1988 წელს აირჩიეს სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრად, 1987 წელს — საქართველოს დიზაინერთა კავშირის თავმჯდომარედ.
1990-იან წლებში გადავიდა მოსკოვში, სადაც ინსტიტუციური ფიგურა გახდა: 1996 წლიდან — იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, 1997 წელს — რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი, 1999 წელს — მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და ზურაბ წერეთლის სახელობის გალერეის დამფუძნებელი.
იგი იყო საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1996), საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (2010), საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის ოფიცერი (2005), იუნესკოს პიკასოს სახელობის ოქროს მედლის მფლობელი (2007) და მრავალი სხვა საერთაშორისო ჯილდოსა და წოდების მფლობელი.
2003 წელს, რუსეთის ფედერაციის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
2012 წელს თბილისში გახსნა „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი“ (MoMA Tbilisi).
მთავარი ნამუშევრები
- მოზაიკური ავტობუსის გაჩერებები — გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი (1960-იანი წლები)
- ზღვის ფსკერი — ბასეინის მოზაიკა ლენინის მემორიალური კომპლექსისთვის, ულიანოვსკი (1970)
- საუკუნო მეგობრობა — გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიღვნილი მემორიალი, მოსკოვი (1983)
- საქართველოს მატიანე — მემორიალური კომპლექსი, თბილისის ზღვა (1985–2003)
- ბოროტსა სძლია კეთილმან — ბირთვული განიარაღების შეთანხმებისადმი მიძღვნილი მონუმენტი გაეროს შენობის წინ, ნიუ-იორკი (1990)
- დაანგრიეთ უნდობლობის კედელი — ლონდონი (1990)
- ახალი ადამიანის დაბადება — სევილია, კოლუმბის ფლოტილიის 500 წლისთავისადმი მიძღვნილი მონუმენტი (1994)
- გამარჯვების მონუმენტი — მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემორიალი, პოკლონის მთა, მოსკოვი (1995)
- პეტრე I-ის მონუმენტი — რუსული ფლოტის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი მონუმენტი, მოსკოვი, მდინარე მოსკოვზე შექმნილი ხელოვნური კუნძული (1997)
- შარლ დე გოლის ძეგლი — მოსკოვი, (2005)
- გლოვის ცრემლი — 11 სექტემბრის ტერაქტის მემორიალი, ნიუ-ჯერსი, აშშ (2005)
- ახალი სამყაროს დაბადება — კოლუმბის მონუმენტი, პუერტო რიკო (2016)
- ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული — ვლადიმერ პუტინის ქანდაკება კარატისტის კიმონოში, წერეთლის გალერეა, მოსკოვი (2004)
- იური ლუჟკოვის ქანდაკებები — ლუჟკოვი მეეზოვე, ლუჟკოვი სპორტსმენი (წერეთლის გალერეა, მოსკოვი)
წყაროები:
https://ru.wikipedia.org/wiki/Церетели,_Зураб_Константинович
https://kulturologia.ru/blogs/280419/42944
https://novayagazeta.eu/articles/2025/04/22/uorkhol-korleone










