Skip to content Skip to footer

ცეცხლაძე ნიკო

ნიკო ცეცხლაძე 1980-იან წლებში იყო ხელოვანთა არაფორმალური ჯგუფების – „X სართულისა“ და „მარჯანიშვილის სახელოსნოს“ წევრი. ამავე წლებიდან მონაწილეობს სხვადასხვა სახელოვნებო პროექტსა და გამოფენაში. ძალიან დიდი მუხტის მქონე 1990-იანი წლების დასაწყისში ნიკო ცეცხლაძემ და ოლეგ ტიმჩენკომ ღია, საჯარო სივრცეში – მიწისქვეშა გადასასვლელში აჩვენეს საქართველოში ერთ-ერთი პირველი პერფორმანსი. ნიკო ცეცხლაძე აწყობდა გამოფენებს „ქარვასლის“ ახალგახსნილ საგამოფენო დარბაზებში, შემდეგ კი იყო ბერლინი, როცა პუბლიცისტ და მთარგმნელ ეკე მაასის სახლში აწყობდა ექსპრესიონისტული ნახატების გამოფენებს. რამდენიმე ნამუშევარი ნიკო ცეცხლაძემ და სერგო ფარაჯანოვმა ერთად შექმნეს და დღეს ისინი სომხეთში, სერგო ფარაჯანოვის მუზეუმში, ინახება. ნიკო ცეცხლაძის ცხოვრებაში ძალიან ბევრი საინტერესო პერფორმანსი იყო. აღსანიშნავია ე. წ. „ქარვასლის პერფორმანსი“, რომელიც საბჭოთა ფულის გაუქმებისა და გაუფასურების თემას ეხებოდა; პერფორმანსი ბალტიისპირეთში, ნარვაში, ბელორუს მხატვარ იგორ კაშკურევიჩთან ერთად. ნიკო ცეცხლაძე თემურ ნოვიკოვთან, ოლეგ კატელნიკოვსა და სხვა ხელოვანებთან ერთად აწყობდა საინტერესო პერფორმანსებს პეტერბურგში. მისი ნახატები მონტენეგროს ბიენალეზე ცნობილი მოსკოველი მხატვრების, მათ შორის, კონცეპტუალისტ მხატვარ ილია კაბაკოვის ნამუშევრებთან ერთად იფინებოდა. იყო გამოფენები ბერლინში, ნანტში, პარიზში… 2009 – „დაბადებული საქართველოში“, კობრას მუზეუმი, ამსტერდამი, ჰოლანდია; 2007 – სტამბულის ბიენალე, გალერეა Siemens Sanat, თურქეთი; 1998 – „ტრანსფორმაცია“, Friedrichgalerie, კიოლნი, გერმანია. 1997 – გალერეა ifa, ბერლინი, გერმანია. დღეს ნიკო ცეცხლაძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.

1990-იანი წლების დასაწყისში ნიკო ცეცხლაძემ და ოლეგ ტიმჩენკომ ღია, საჯარო სივრცეში – მიწისქვეშა გადასასვლელში აჩვენეს საქართველოში ერთ-ერთი პირველი პერფორმანსი..

ნიკო ცეცხლაძე
დაბადების თარიღი1959Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.