Skip to content Skip to footer

გაჩეჩილაძე რუსუდან

მოქანდაკე, გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.

1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო ნიკოლოზ კანდელაკისა და სერგო ქობულაძის მოსწავლე. ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე.

რუსუდან გაჩეჩილაძე XX საუკუნის 60-70-იანი წლების ქართული და საბჭოთა პორტრეტული ქანდაკების ერთ-ერთი რეფორმატორია. მან უარი თქვა ზედაპირულად გაგებულ რეალისტურ ქანდაკებაზე. ამასთან ერთად,  ქართულ ქანდაკებაში შემოიტანა საქანდაკო მასალის სპეციფიკის ახლებური გაგება და პოლიქრომია; დაამკვიდრა ახალი ენა და ღირებულებები.

ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში, რუსუდან გაჩეჩილაძეს მიღებული აქვს სხვადასხვა საკავშირო გამოფენის უამრავი ჯილდო (ამიერკავკასიის სახვითი ხელოვნების ფესტივალის გრან-პრი, საქართველოს მხატვართა კავშირის წლის საუკეთესო ნამუშევრის პრემიები). XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იგი საკმაოდ აქტიურად ჩანდა საკავშირო ქანდაკების სცენაზე. სახელოვნებათმცოდნეო კრებულებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებსა და მიმოხილვებში ხელოვნების ცნობილი კრიტიკოსები- რაისა აბოლინა, ოლგა კოსტინა, იგორ სვეტლოვი მუდამ მოიხსენიებდნენ რუსუდან გაჩეჩილაძის თვითმყოფად შემოქმედებას. მისი ნამუშევრები საკმაოდ ტირაჟირებული იყო საკავშირო პროფესიულ პერიოდიკაში, როგორიცაა „Творчетво“, „Искусство“ , „Советская Скульптура“. მრავალი ჯილდოს მიუხედავად, რუსუდან გაჩეჩილაძეს არასდროს მიუღია შეკვეთა მონუმენტური სკულპტურის დასამზადებლად. ძირითადად, შემოფარგლული იყო მცირე პლასტიკის ჟანრით. აღსანიშნია, რომ ბოლო წლებში მან მოდერნისტული ქანდაკების უამრავი ესკიზი შექმნა. მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.

რუსუდან გაჩეჩილაძე
დაბადების წელი1937Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.