მანუჩარ ოქროსცვარიძე 1991-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. იგი 2000-იანი წლების დასაწყისში, არტ სცენაზე გამოსულ მხატვართა შორის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია. იგი აქტიურად მონაწილეობს როგორც საერთაშორისო ისე ლოკალურ ჯგუფურ და სოლო პროექტებში. უახლოეს წლებში მისი შემოქმედების ძირითადი მიმართულებაა მინიმალისტური ნახატი და ობიექტი, რომელსაც თავად “მოკლე ვიზუალურ გზავნილებად” და “ესთეტიკურ იდეოგრაფიებად” აფასებს. 2008 – 2009 წლებში არსებული კრიტიკული არტ ჟურნალის – “შთაბეჭდილება”, კონცეფციის ავტორი და თანადამფუძნებელი გახლდათ. ბოლოდროინდელი პროექტებიდან აღსანიშნავია კონცეპტუალური გრაფიკის გამოფენა “მაკულატურა” (2011), რომელშიც მონაწილეობდა როგორც კურატორი და არტისტი, 2012 წლის სოლო პროექტი “EXISTERE”, 2016 – „Spice Up” Alles Mögliche ინსტიტუტის ხელოვნების რეზიდენტურა, ბერლინი, გერმანია და სხვა. მისი პროექტები ინსპირირებულია ეგზისტენციალური და სოციალური თემატიკით რომელიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინდივიდის თვითიდენტიფიკაცია, დამოკიდებულება სოციალურ სტატუსთან, დროსთან, სტაბილურობის შეუძლებლობის ფაქტთან, შინაგან და გარეგან კონფლიქტებთან…. მანუჩარ ოქროსცვარიძის ხელოვნება რთულია რომელიმე კონკრეტული მიმდინარეობით განისაზღვროს. ეს არის მინიმალიზმის, კონცეპტუალიზმის და თანამედროვე ხელოვნების ნაზავი. ეს არ არის ვიზუალური ეკლექტიზმი. მისი ხელოვნება ცოცხალი დიალოგია, ოღონდ ვიზუალური მესიჯებით, იმიჯებით; არა კონკრეტულ მაყურებელთან, კონკრეტულ სოციუმთან, არამედ მთლიანად ყველაფერთან, რაც ჩვენს გარშემოა და გვეხება, მათ შორის – საკუთარ თავთანაც.
მანუჩარ ოქროსცვარიძე – სად ვართ ახლა?“.2022