გიორგი გუგუშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1985-1986 წლებში იყო ფოთის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი. გაფორმებული აქვს სპექტაკლები: „კოლხეთის დაბლობი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „თეთრი ბაირაღები“. 1991-1993 წლებში სატელევიზიო გადაცემების დამდგმელი მხატვარი იყო, 2007-2012 წლებში კი – თბილისის სამხატვრო აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, პროექტებისა და საგამოფენო დარბაზ „აკადემია HALL“-ის – კურატორი. ის დამდგმელ მხატვრად იქნა მიწვეული ფესტივალებისა და დიზაინერული შოუების გასაფორმებლად, რომელთა შორისაა: “Kent Fashion Show” (1995), “Sisley – Benetton – Polo” (1995), „ART UNDERGROUND ტერორიზმის წინააღმდეგ“ (2005). გიორგი გუგუშვილის ნამუშევრები ყოველთვის გამოირჩეოდა ლაკონიურობით, ექსპრესიულობითა და მონუმენტურობით. პორტრეტების სერია, რომლებიც შესრულებულია ავტორისეული ექსპრესიული და მკვეთრად ინდივიდუალური სტილით, გიორგი გუგუშვილის შემოქმედების ადრეულსა და შუა ეტაპებს ეკუთვნის.
