Skip to content Skip to footer

გაბიტაშვილი დავით

დავით გაბიტაშვილი  დაიბადა 1920 წელს ქ. თბილისში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, რომლის დამთავრების შემდგომ სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში  (ხელმძღვანელი უჩა ჯაფარიძე). სწავლის დასრულებიდან (1952) მალევე,   1953 წლიდან,  მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში.

დ. გაბიტაშვილის შემოქმედება გამოირჩეოდა თხრობითი ხასიათით. მხატვარი ქმნიდა  ცხოვრების პოეტურ მონახაზებს, ასევე ისტორიულ-რევოლუციური ჟანრის სურათებს.  მის ფერწერულსა და გრაფიკულ ნამუშევრებში ( გაზაფხული, 1959; სვანეთის კოშკები, 1966)  საქართველოს   ისტორიულ წარსულთან ერთად ასახულია  თანამედროვეობა, ადამიანთა  ყოფა და ინტერესები.

მხატვრის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება სოხუმისადმი მიძღვნილი ნამუშევრები (სოხუმის პორტი. 1957). დ. გაბიტაშვილს  სოხუმთან ახლოს, სოფელ კელასურში, აგარაკი ჰქონდა. შემოქმედის ინტერესის საგნად იქცა ამ პოპულარული სუბტროპიკული საზაფხულო კურორტის პორტი და მისი აყვავებული გარემო. ის თეატრის მხატვრადაც მუშაობდა, გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი სოხუმის სახელმწიფო თეატრში.

დ. გაბიტაშვილი, შემოქმედებითი საქმიანობის გარდა, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას,   1966 წლიდან ასწავლიდა  თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 1984 წლიდან იყო   მისი   პროფესორი.

1985 წელს დ. გაბიტაშვილს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება,  1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

დავით გაბიტაშვილი
დაბადების თარიღი1920გარდაცვალების თარიღი2000Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.