Skip to content Skip to footer

ძაძამიძე ლეოპოლდი

ლეოპოლდ ძაძამიძე (1922–1966) ქართველი ფერმწერი  – პეიზაჟისტი და XX საუკუნის 1950/1960-იანი წლების ქართული მხატვრობის წარმომადგენელია.

ძაძამიძე 1922 წლის 20 ნოემბერს ზუგდიდში დაიბადა. 1941/1947 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, ალექსანდრე ციმაკურიძის კლასში. ქართული პეიზაჟური მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის შემოქმედებითმა გამოცდილებამ არსებითი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა მხატვრის პროფესიულ ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ ინტერესებზე.

1955 წლიდან მხატვარი მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში; 1957 წელს გახდა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი, ხოლო 1964 წელს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა.

1958/1964 წლებში ძაძამიძე ელენე ახვლედიანის შემოქმედებითი ჯგუფის აქტიური წევრი იყო. ჯგუფის საქმიანობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოწყობილ შემოქმედებით მივლინებებსა და პეიზაჟის ნატურიდან შესწავლას უკავშირდებოდა. 1960/1962 წლებში ძაძამიძე შემოქმედებითი მივლინებით ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში იმყოფებოდა.

მხატვრის მემკვიდრეობაში მთავარი ადგილი პეიზაჟს –  ქალაქისა და სოფლის ხედებს, მთიან ლანდშაფტებსა და სანაპიროებს  უკავია. იგი ასახავდა სხვადასხვა სეზონსა და ატმოსფერულ ეფექტს. პლენერზე შესრულებულ მის ნამუშევრებში საქართველოსა და სხვა ქვეყნების ბუნება ცოცხალი ფერწერული შთაბეჭდილების სახით არის გადმოცემული.

ძაძამიძის მხატვრულ ენაში იმპრესიონისტული და პოსტიმპრესიონისტული ფერწერის ნიშნები იკვეთება. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია ფერადოვნება, ფერწერის თავისუფალი მანერა და კონტრასტული ფერების შეხამება. ამ თავისებურებებით მისი შემოქმედება XX საუკუნის 1950-იანი წლების ქართულ ფერწერაში მიმდინარე მხატვრულ ძიებებს უკავშირდება.

ლეოპოლდ ძაძამიძის შემოქმედებითი მოღვაწეობა დაახლოებით ორ ათწლეულს მოიცავს. ხანმოკლე პროფესიული ცხოვრების მიუხედავად, მისმა ფერწერამ შესამჩნევი ადგილი დაიკავა XX საუკუნის ქართული პეიზაჟური მხატვრობის ისტორიაში.

მისი ნამუშევრებია:
მთის ხედი (ტილო, ზეთი)
ნავები (მუყაო, ზეთი, 45 x 70 სმ)
ტყვარჩელი (1960, ტილო, ზეთი)
ყაზბეგი (1965, ტილო, ზეთი)
პეიზაჟი (ტილო, ზეთი, 30 x 40 სმ)
ქალის პორტრეტი (1964, ტილო, ზეთი)

ლეოპოლდ ძაძამიძე
დაბადების თარიღი20 ნოემბერი, 1922გარდაცვალების თარიღი17 დეკემბერი, 1966Share

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.