
ირაკლი ჟვანია თანამედროვე ქართული მონუმენტალისტი მოქანდაკედაიბადა 1966 წლის 1 სექტემბერს. ხელოვანმა განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 1987-91 წლებში, ზურაბ წერეთლის მონუმენტური ქანდაკების კურსზე. მისი შემოქმედება მოიცავს მონუმენტურ და კინეტიკურ ქანდაკებებს, ფიგურულ კომპოზიციებსა და სკულპტურულ შადრევნებს.
მოქანდაკის შემოქმედებითი კარიერის დასაწყისია მისი სადიპლომო ნამუშევარი „პატარა უფლისწული“. სკულპტურა-შადრევანი მოგვიანებით, 1999 წელს თბილისში, მრგვალ ბაღში დაიდგა და ხელოვანის პირველ და გამორჩეულ საჯარო ნამუშევრად მიიჩნევა.
ხელოვანი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას 2000-იანი წლებიდან იწყებს. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და საზღვარგარეთ. ავტორის ანგარიშზეა 35-მდე სკულპტურული შადრევნისა და 12 მონუმენტური ქანდაკების პროექტი. ნამუშევრების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველი მათგანი საჯარო სივრცეშია გამოფენილი. ხელოვანი არ მართავს პერსონალურ გამოფენებს. ირაკლი ჟვანია 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2000 წელს მიენიჭა დამსახურებული მხატვრის წოდება.
მისი ქანდაკებებია:
„პატარა უფლისწული“ მრგვალი ბაღი (ბრინჯაო, 1999);
„მუსიკოსების თბილისში“ ვაკის პარკთან (ბრინჯაო, 2007);
„სიცოცხლის ხე“ მთაწმინდის პარკი (სპილენძი, 2007);
„გოგონა ველოსიპედით“ ბათუმის ბულვარში (სპილენძი, 2012);
„პლანეტა აპოლო“ უნგრეთი (მეტალი, კომპოზიტი, ბინჯაო, 2017);
„ბალერინები“ ოპერის ბაღი (ბრინჯაო, 2020);
დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის ძეგლები ქობულეთში (ბრინჯაო, 2023);
„იმპერატორი ადრიანეს ძეგლი“ გონიოს ციხე (ბრინჯაო, 2023);








