მარი გირკელიძე ქართველი გრაფიკოსი, ილუსტრატორი, წიგნის დიზაინერი, და ხელნაკეთი საავტორო წიგნების შემქმნელია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს მიუნსტერში (გერმანია).
1997–2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული მხატვრობის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ ნოდარ ამაშუკელი და ბადრი სამსონაძე. 2003–2008 წლებში სწავლა მიუნსტერის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტზე (Fachhochschule Münster, Fachbereich Design) განაგრძო, ილუსტრაციისა და ბეჭდვითი გრაფიკის სპეციალიზაციით, რომელიც უმაღლესი შეფასებით დაამთავრა. 2007 წელს გაცვლითი სემესტრი ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში (Universität für angewandte Kunst Wien) გაიარა.
გირკელიძის შემოქმედების ძირითადი სფეროა თანამედროვე ბეჭდვითი გრაფიკა. იგი მუშაობს სერიგრაფიის, ქსილოგრაფიის, ოფორტის, ლითოგრაფიისა და ფოტოგრავიურის ტექნიკებით. მის ნამუშევრებს ახასიათებს ტექნიკური ექსპერიმენტი, მრავალშრიანი კომპოზიცია, ექსპრესიული ფერი და მკაფიო გრაფიკული სტრუქტურა. მხატვრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლიტერატურულ და თეატრალურ წყაროებს, დამოუკიდებელი ქალის სახეს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს, ომისა და კლიმატის თემებს.
გირკელიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ხელნაკეთი საავტორო წიგნის დამკვიდრებაში – 2010 წელს საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე „Trüffel AG“, გერმანიიდან ჩამოტანილი ორასზე მეტი ხელნაკეთი წიგნი და არტბუქი წარმოადგინა.
მის მნიშვნელოვან პროექტებსა და გამოფენებს შორისაა ბენტლაგეს საერთაშორისო გრაფიკული პროექტი „Triangel“; ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის (Frankfurter Buchmesse) შექმნილი „ყვარყვარე თუთაბერი“ (2018); „ხელოვნების ენერგია“ (Die Energie der Kunst, 2019); „ტარტიუფი ქართულად — ყვარყვარე“ (Tartuffe auf Georgisch – Kwarkware) მიუნსტერის თეატრში (Theater Münster, 2021) და „Making History“ ფიშერინგის ციხესიმაგრეში (Burg Vischering, 2022). 2015 წელს საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში მამასთან, მოქანდაკე სიმონ გირკელიძესთან ერთად მოაწყო გამოფენა „თაობები“.
მარი გირკელიძეს მიღებული აქვს გერმანული ორგანიზაციებისა და EUREGIO-ს სტიპენდიები და პროექტული დაფინანსებები. მისი ნამუშევრები და მხატვრული გამოცემები დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმსა და გერმანიის კულტურულ ინსტიტუციებში, აგრეთვე კერძო და კორპორატიულ კოლექციებში.








