Skip to content Skip to footer

გამრეკელი ირაკლი

მოდერნისტი ხელოვანი (ექსპრესიონისტი, კუბო-ფუტურისტი,კონსტრუქტივისტი); თეატრისა და კინოს მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი; ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის მამათავარი. ირაკლი გამრეკელი იყო სცენოგრაფიის ტექნიკის უბადლო მცოდნე და პირველი ქართველი მხატვარი, რომელმაც ფუტურისტული თეატრის პრინციპის თანახმად, დარგის მნიშვნელობა რეჟისურას გაუთანაბრა. მას 50 ზე მეტი სპექტაკლი აქვს გაფორმებული და დღეს, ქართული თეატრის მხატვრობის კლასიკოსად ითვლება.
დაიბადა 1894 წელს საქართველოში, ქალაქ გორში. 1910 წელს სწავლობდა თბილისის ნიკოლაი სკლიფოსოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში, ბორის ფოგელსა და ბორის შებუევთან. თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ როსტოვის და შემდეგ კი თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. გარკვეული დროის მანძილზე სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაშიც. მხატრობით გატაცება, როგორც თავად ამბობდა, ბექა და ბეშქენ ოპოზარების ორქომჭედლობით მოგვრილმა აღტაცებამ გამოიწვია.
1921 წელს გამრეკელმა აკვარელში შესრულებული ილუსტრაციები ერთ-ერთ გამოფენაზე გაიტანა. ნამუშევრებმა მალარია და სიკვდილის ცეკვა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ყურადღება მიიპყრო, რამაც ახალგაზრდა ხელოვანის მომავალი განსაზღვრა: მარჯანიშვილმა ის თბილისის ახალ თეტრში, ოსკარ უაილდის სალომეს სცენოგრაფად მიიწვია. ამის შესახებ კირილ ზდანევიჩი წერდა: ეს პირველი და სრულიად გამართლებული მცდელობაა გზა დაუსახო ახალგაზრდა მხატვარს. გზა, რომელიც ქართული სასცენო დეკორაციის რეფორმას ნიშნავს. ამ მიმართულებით მხატვრის შემდგომი მუშაობა და წინსვლა ქართული სცენის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. სასურველია, ისინი სრულებით გამოეთხოვონ ვიწრო ეთნოგრაფიულ, ტრადიციულ დეკორაციებს. დაე, გადავიდნენ ახალ შემოქმედებაზე.(გალაქტიონ ტაბიძის ჟურნალი N5, ტფილისი, 1923).
ირაკლი გამრეკელის, როგორც სცენოგრაფის გამორჩეული ტალანტი ქართული და რუსული თეატრის მოდერნისტ რეჟისორებთან – კოტე მარჯანიშვილთან და მის მოწაფე სანდრო ახმეტელთან თანამშრომლობაში გამოვლინდა. 1922 წელს, გამრეკელმა ქართული დრამის თეატრში (დღევანდელი რუსთაველი თეატრი) მარჯანიშვილის დადგმული ლოპე დე ვეგას ცხვრის წყარო გააფორმა. მომდევნო წელს, ამავე თეატრის მთავარი მხატვარი გახდა. კოტე მარჯანიშვილის ქართული დრამის თეატრიდან წასვლის შემდეგ, გამრეკელმა სანდრო ახმეტელთან გააგრძელა ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც ახმეტელის საქართველოდან მოკოვში განდევნამდე გაგრძელდა. პარალელურად, კოტე მარჯანიშვილის თეატრის მთავარი მხატვარიც იყო.
გამრეკელი ქართული მემარცხენე ფუტურისტული მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია; მან შექმნა დიზაინი ჟურნალებისთვის H2SO4 (1924 წ., ფუტურისტების ჟურნალი, რომლის რედკოლეგიის წევრი თავადაც იყო ) და მემარცხენეობა. ასევე, იონა ვაკელის, გრიგოლ რობაქიძის, სიმონ ჩიქოვანის და სხვათა წიგნების დიზაინი და ილუსტრაციები (1926, 1927 წწ).
1928 წელს მხატვარ ვალერიან სიდამონ-ერისთავთან ერთად იმუშავა კოტე მიქაბერიძის ათწლეულების განმავლობაში აკრძალულ ექსპრესიონისტულ ფილმზე ჩემი ბებია.
ფილმის აკრძალვის მიუხედავად, მისი თანამშრომლობა კინოსტუდია ქართულ ფილმთან არ შეწყვეტილა. გამრეკელია დამდგმელი მხატვარი მიხეილ ჭიაურელის ფილმებისა არსენა და გიორგი სააკაძე
მისი შემოქმედების მაგისტრალური ხაზი სასცენო დიზაინია: მან გააფორმა ქართული თეატრის ეპოქალური სპექტაკლეები: გრიგოლ რობაქიძის ლონდა (1922, რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი), ლამარა (რეჟისორი: სანდრო ახმეტელი, 1930) და მალშტრემი (1923-24, რეჟისორი: მარჯანიშვილი); ერნს ტოლერის კაცი-მასა, (1923, ); ფრანც ვერფელის კაცი-სარკე, შექსპირის ჰამლეტი (რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, 1925, ); საოპერო დადგმა ზაგმუკი ანატოლი გლებოვის პიესის მიხედვით (1926); შიუკაშვილის ამერიკელი ძია (1926 ) ბორის ლავრენიოვის რღვევა (რეჟისორი სანდრო ახმეტელი, 1928 ); სანდრო შანშიაშვილის ანზორი (რეჟისორი სანდრო ახმეტელი, 1928 ) ვალტერ ჰასენკლევერის საქმის კაცი (1929), შალვა დადიანის თეთნულდი, (რეჟისორი სანდრო ახმეტელი, 1931,) ფრიდრიხ შილერის ყაჩაღები ( რეჟისორი სანდრო ახმეტელი, 1933) ა. კორნეიჩუკის ბოგდან ხმელინცკი (1940) შალვა დადიანის ნაპერწკლიდან, (1937) კარლო გოლდონის საპატარძლო აფიშით (1942) და სხვ.
ირაკლი გამრეკელს, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების გარდა, გაფორმებული აქვს სპექტაკლები ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ლენინგრადის მაქსიმ გორკოს სახელობის დიდ დრამატულ თეატრში, ოდესის ოეპერისა და ბალეტის თეატრში.
1937 წელს, ქართული ხელოვნბის დეკადაზე მოსკოვში, მისმა საოპერო სცენოგრაფიამ აბესალომ და ეთერის დადგმაში ფურორი მოხდინა.
გარდაიცვალა თბილისში 1943 წელს, 49 წლისა.

 

ირაკლი გამრეკელი
დაბადება/გარდაცვალება1894-1943Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.