Skip to content Skip to footer
ოთარ ჯიშკარიანი
დაბადება/გარდაცვალება1929-1995Share

ჯიშკარიანი ოთარ

ოთარ ჯიშკარიანი საქართველოს დამსახურებული მხატვარი და XX საუკუნის 50-იანელთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. შემოქმედების ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი უმთავრესი საზრუნავი თანამედროვე ქართული წიგნის მხატვრული დონის ამაღლება იყო. პარალელურად მუშაობდა ფერწერასა და დაზგურ გრაფიკაშიც, ქმნიდა შრიფტის გარნიტურებს, პლაკატებს, შესრულებული აქვს მონუმენტური მოზაიკური პანოები და გობელენისათვის განკუთვნილი რამდენიმე ესკიზიც. მხატვარი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშემწყობ პრაქტიკულ საქმიანობაშიც , კერძოდ, მისი ინიციატივით დაარსდა საგამოფენო დარბაზი „მერანი“ (1970), გაზეთი „მხატვარი“ (1971) და ბავშვთა სურათების გალერეა (1969). მხატვარი სტუდენტობიდან იწყებს თანამშრომლობას პერიოდული გამოცემების რედაქციებთან, ქმნის ილუსტრაციებს ჟურნალებისთვის – „ნიანგი“, „დილა“, „პიონერი“. გარდა წიგნის გრაფიკისა, ოთარ ჯიშკარიანს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართული ასო-ნიშნების მოხაზულობათა დახვეწასა და შრიფტების მრავალფეროვანი გარნიტურების შექმნაში. შესრულებული აქვს მხატვრული შრიფტის სხვადასხვა ნიმუში წიგნებს ყდების, ტიტულ-ონტრტიტულებისა თუ შმუცტიტულების გასაფორმებლად. მასვე ეკუთვნის ლიტერატურული ჟურნალების: „ცისკრის“, „ლიახვის“, „კრიტიკის“ გარეკანის შრიფტებიც. საყოველთაოდაა ცნობილი მის მიერ შედგენილი მაღალმხატვრული ალბომი „ანბანთქება“. მხატვრის ღვაწლი, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამაზე მეტყველებს მის მიერ მიღებული მრავალი სახელმწიფო ჯილდო. 

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.