1964-1970 წლებში, სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე. მის სადიპლომო ნამუშევარს – ფიროსმანის სამი მეტრის სიმაღლის ფიგურული კომპოზიციას, მაღალი შეფასება მისცა დიპლომების დაცვაზე მოწვეულმა მოქანდაკემ, მიხაილ ანიკუშინმა, რომელსაც იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის გამგეობის მდივნის პოსტი ეკავა. მისი მიწვევით, ნეველი ჯიქიამ სწავლა განაგრძო საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ასპირანტურაში, სადაც ოთხი წელი დაჰყო და გააკეთა დოსტოევსკის პორტრეტი.
საქართველოში დაბრუნების შემდგომ, შეკვეთების მიღების მიზნით, გააკეთა სამი ქანდაკება საბჭოთა თემაზე: ძერჟინსკის 4 მეტრიანი ფიგურა, მისივე სახელობის კოლმეურნეობისთვის ლაგოდეხში, ლენინის ბეტონის მონუმენტი ხობში, და მეორე მსოფლიო ომის თემაზე შემქნილი კომპოზიცია სახელწოდებით „დარიალის მცველნი“.
გამსახურდიას მმართველობის პერიოდში, კარლო გრიგოლიასთან, სიმონ გირკელიძესთან და ოთარ ჩხარტიშვილთან ერთად, ჩამოაყალიბა ასოციაცია „ავანგარდი“. მხატვრებმა შეიმუშავეს მანიფესტი და მერაბ ბერძენიშვილის ხელშეწყობით, ეროვნულ გალერეაში გამოფენა მოაწყვეს, რომელმაც თბილისის ომამდე გასტანა.
გამოფენაზე ბერძენიშვილის მოწვევით, ევროპიდან არტ-კრიტიკოსები და ხელოვანები ჩამოვიდნენ. კონტაქტები დამყარების შემდგომ, ნეველი ჯიქია გერმანიის ქალაქ ნეტეტალში მიიწვიეს სამუშაოდ. მოქანდაკემ იქ რამდენიმე მონუმენტური პროექტი განახორციელა: „საათი“ (ქვა), რომელიც მოხუცთა თავშესაფრის ტერიტორიაზე დგას, „აბსტრაქტული კომპოზიცია“ მთავარი ეკლესიის მახლობლად (მარმარილო და რკინის კონსტრუქცია), „კომპოზიცია“ არქიტექტორ ეპინჰაუსისთვის.
ნეველი ჯიქია ორი წლის მანძილზე სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე ასწავლიდა.