მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძე 1932 წელს დაიბადა თბილისში.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
სადიპლომო ნამუშევრები: „ბალეტის დიდოსტატი ვახტანგ ჭაბუკიანი“ და „თამარ მეფე“ მან მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით შექმნა.
მეფის ქანდაკება იმ პერიოდის საბჭოთა ცენზურისთვის მიუღებელი იყო (მეფეთა სკულპტურების დადგმა დედაქალაქში ოდნავ მოგვიანებით დაიწყო), ამიტომ, თამარის სკულპტურის ესკიზი სადიპლომო ნამუშევრისთვის არ დაამტკიცეს. ვახტანგ ჭაბუკიანის ქანდაკება კი ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოიეში დადგეს, რაც ახალგაზრდა შემოქმედის უდაო აღიარება და პირველი დიდი წარმატება იყო.
1960 წლიდან მოყოლებული, ჯემალ ჯაფარიძის ნამუშევრები იფინება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
მოქანდაკე მუშაობს მომუმენტური, საპარკო და პორტრეტული ქანდაკების ჟანრში – ქვის, ლითონისა და ხის მასალაში.
მებრძოლი ქალი მოქანდაკის შემოქმედების მთავარი თემაა, განხორციელებული თამარ მეფის, მედეას, ამორძალებისა და მშვილდოსნების გამოსახულებებში; ქალთა ლირიული სახეები ჯემალ ჯაფარიძემ გამოაქანდაკა თანამედროვე ქალთა პორტრეტებში, დედაშვილობისა და ოჯახის მოტივებში.