Skip to content Skip to footer

ჯავრიშვილი რუსუდანი

საქართველოს სახალხო მხატვრის რუსუდან ჯავრიშვილის შემოქმედება მჭიდროდაა   დაკავშირებული ქართული პეიზაჟური ხელოვნების განვითარებასთან. მისი შემოქმედების განმსაზღვრელი მშობლიური ბუნებაა,  რომლის სილამაზესაც იგი ბავშვობიდანვე ეზიარა   სოფელ ერთაწმინდაში.

ექვსი წლის რუსუდანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსე თოიძისა და შალვა მამალაძის მიერ მშობლიურ სოფელში წმინდა ესტატეს ტაძრის ტილოზე ასახვამ, რამაც მხატვრის მომავალი პროფესიის არჩევაში დიდი როლი ითამაშა.

საშუალო სკოლაში სწავლის პარალელურად   რ. ჯავრიშვილი ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე, შემდეგ კი – ფერწერის ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში, მხატვარმა, თავდაპირველად, მხატვარ-დეკორატორად დაიწყო მუშაობა ჯერ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, შემდეგ კი – ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრში, სადაც რამდენიმე სპექტაკლი გააფორმა.

მხატვრის შემოქმედება მოიცავს ფერწერის თითქმის ყველა ჟანრს: პეიზაჟს, თემატურ კომპოზიციებს, ნატურმორტსა და ნაწილობრივ პორტრეტსაც. თუმცა მისი შემოქმედების წამყვანი თემა მაინც პეიზაჟია.   მხატვრის შემოქმედებით ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თანაკურსელისა და ახლო მეგობრის, მონუმენტალისტ რობერტ სტურუას ინიციატივით ჩამოყალიბებული შემოქმედებითი ჯგუფის წევრობა.  ჯგუფმა  დალაშქრა საქართველოს მთა-ბარი,   ფეხითა და ცხენით შემოიარა საქართველოს კუთხეები და ტილოებზე აღბეჭდა ისინი.

რ. ჯავრიშვილი გაწევრიანდა 1960 წელს  ელენე ახვლედიანის თაოსნობით  შექმნილ  მხატვარ-პეიზაჟისტთა ჯგუფში, რომლის  მიზანი ასევე იყო მშობლიური ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნების,  ხალხის ახლოს გაცნობა და  მათი ასახვა. ელენე ახვლედიანთან  მხატვრის  სიახლოვეს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რ. ჯავრიშვილის  ხელწერის ჩამოყალიბებისათვის. ზოგადად კი,  ამ შემოქმედებითი ჯგუფის მოღვაწეობამ, ქართული პეიზაჟური ფერწერის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია.

საგანგებოდ უნდა გამოიყოს რ. ჯავრიშვილის შემოქმედებაში მცხეთის ციკლი. ხედვის სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა განათებისას  მცირე ფორმატისა თუ ვრცელ პანორამულ ტილოებზე მხატვარი მრავალგზის, დროის სხვადასხვა მონაკვეთში გამოსახავს  ჯვარსა და სვეტიცხოველს; ფუნჯის პასტოზური მონასმით ხატავს სვეტიცხოვლის მიმდებარე სახლების  სახურავებითა და კარ-მიდამოს დეკორატიული ლაქებით შედგენილ მრავალფეროვნებას.

რუსუდან ჯავრიშვილის პეიზაჟები, იქნება ეს ერთაწმინდის ხედები თუ სიღნაღის კუთხე, არქიტექტურული პეიზაჟები, საზღვარგარეთში მიღებულ შთაბეჭდილებათა ამსახველი ნაწარმოებები, თუ ძველი თბილისის მოტივები, ამჟღავნებს  მხატვრისეულ პოზიციას.  თანამედროვეობის წარსულთან ერთგვარი გადაძახილის, ფერის სივრცითი განვითარების, შუქჩრდილებისა და საგანგებოდ შერჩეული ტექნიკის მეშვეობით რ. ჯავრიშვილის  სურათები   ყოველთვის გვიჩვენებს, თუ რა უყვარდა და აღელვებდა ხელოვანს.

რუსუდან ჯავრიშვილი
დაბადების თარიღი1918გარდაცვალების თარიღი1999Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.