Skip to content Skip to footer

ჭიაურელი მიხეილი

მოქანდაკე, მხატვარი, კარიკატურისტი, ილუსტრატრი, მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და   მულტიპლიკატორი,  თბილისური მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და სტალინური პერიოდის ჰეროიკულ- პროპაგანდისტული ფილმების   შემქმნელი,

მიხეილ ჭიაურელი,  გასაბჭოების შემდეგ, აქტიურად ჩაება ახალი სისტემის მიერ ინიცირებულ კინოინდუსტრიაში – თავდაპირველად,  როგორცსაქართველოს სახ-კინ-მრეწვის რეჟისორი (1928) ხოლო მოგვიანებით – თბილისის კინოსტუდად   გარდაქმნილი ყოფილი სახ-კინ-მრეწვის   სამხატვრო  ხელმძღვანელი. ჭიაურელის დაწინაურება ლოგიკური იყო – მონუმენტური პროპაგანდის დეკრეტი  უპირატეს მნიშვნელობას ხელოვნების ორ დარგს ანიჭებდა: ქანდაკებასა და კინოს. ჭიაურელი ორივე სფეროს პროფესიონალი იყო.

ქართული და საბჭოთა  კინოს ისტორიაში მიხეილ ჭიაურელის სახელს ძირითადად  საბჭოთა იდეოლოგიური კინოსა და სტალინიზმის პერიოდის „დიდ სტილს“ უკავშირებდნენ.   საბჭოთა კრიტიკა 1953 წლამდე   განსაკუთრებით გამოარჩევდა ფილმებს: არსენა (1937),  გიორგი სააკაძე (1943),   ფიცი, (1946), რომელმაც იმავე  წელს ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა,  ბერლინის დაცემა (1949) და დაუვიწყარი 1919  (1952).

1930-იანი წლებიდან მოყოლებული, სტალინის გარდაცვალებამდე – 1953 წლამდე, ჭიაურელი ქმნიდა პროპაგანდული კინოს შედევრებს; ის იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1943, 1948) და   სტალინური პრემიის ექვსგზის ლაურეატი. 

სტალინის სიკვდილისა და კომპარტიის XX ყრილობის შემდეგ, რომელზეც პარტიის ახალმა ლიდერმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა  პიროვნების კულტი დაგმო, ჭიაურელი სამი წლით სვერდლოვსკში გაუშვეს იქაური კინოსტუდიის ხელმღვანელად.

1965 წელს,  ჭიაურელმა ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით გადაიღო ფილმი  რაც გინახავს – ვეღარ ნახავ, რომელიც  თბილისის, როგორც თავისუფალი ქალაქისა და მისი მესამე ფენის  უკვდავი ძეგლია. დღეს ის სამართლიანად ითვლება ქართული კინოს კლასიკად.

საბჭოთა მმართველობის დროს მიხეილ ჭიაურელის მოდერნისტულ წრეებთან კავშირზე საერთოდ არ ლაპარაკობდნენ.

ჭიაურელი დაიბადა 1894 წელს, თბილისში. დაამთავრა ჯერ თბილისის სახელობო  სასწავლებელი, შემდეგ  – თბილისის ქანდაკებისა და ფერწერის სკოლა, სადაც იაკობ ნიკოლაძესთან  ხატვასა და ქანდაკებას სწავლობდა  (1912).

1915 წლიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის თეატრებში დაიწყო მუშაობა მსახიობად, რეჟისორად და მხატვრად.

1917 წელს, ისტორიკოს ექვთიმე თაყაიშვილის ორგანიზებულ ექსპედიციაში გაემგზავრა საქართველოს ისტორიულ სამხრეთ რეგიონებში. ჭიაურელთან ერთად ექსპედიციის შემადგენლობაში იყვნენ ფუტურისტი ილია ზდანევიჩი, მხატვრები – ლადო გუდიაშვილი და დიმიტრი შევარდნაძე – შეისწავლეს იშხნის, ხახულისა და ოშკის ტაძრები.

1922-1924 წლები გერმანიაში გაატარა. ქანდაკების სახელოსნოებში მუშაობდა და მოქანდაკის ხელოვნებას სრულყოფდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1926 წლამდე, თბილისში, სკულპტორად მუშაობდა. ნიკოლაძის შემდეგ,   ის იყო პირველი ქართველი, ვინც ლენინის ქანდაკება გააკეთა.

1920-იან წლებში, მიხეილ ჭიაურელი იყო მუშათა თეატრისა და წითელი თეატრის რეჟისორი და მსახიობი. დავით ძნელაძესთან, მოძრავი კოოპ-თეატრი   ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრად გარდაქმნა, სადაც იყო რეჟისორი და  სამხატვრო ხელმძღვანელი.

ჭიაურელი  ამბობდა: “… მე რაღაც დაუოკებელი ხასიათი მქონდა. მიტაცებდა თეატრი, ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა და სიმღერა და ვერც ერთ მათგანზე ვერ შევჩერებულიყავი. ასეთი მდგომარეობა 1928 წლამდე გრძელდებოდა, სანამ მკაფიოდ არ ავირჩიე ჩემი გზა. ეს გზა კინორეჟისურა იყო”.

მისი პირველი კინოფილმები მოდერნისტულია. 1929 წელს იღებს ფილმს საბა. 1931 წელს კი ფილმს ხაბარდა, რომელიც საბჭოთა მუნჯურ კინომატოგრაფში სატირული პამფლეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს.

ფილმს საბა (სცენარი ა. არავსკისა და შ. ალხაზაშვილის) ჭიაურელი უწოდებდა “მაიაკოვსკისა და დოსტოევსკის ნაზავს”. ჟანრისა და სტილისტური თვალსაზრისით ის ჰიბრიდულია – ერთი მხრივ აგიტაციურობა გადახლართულია ცნობიერების ნაკადის ხერხებთან. გამომსახველობითი თვალსაზრისით აღსანიშნავია მონტაჟის მეთოდი. დუქნის სცენები ფიროსმანაშვილის ფერწერის ასოციაციითაა დადგმული,

ამ პერიოდში ჭიაურელი “ფერწერული კინომატოგრაფის” მომხრეა. ფილმში “ხაბარდა” მას მთელი დატვირთვა გადააქვს ფილმის გამომსახველობით მხარეზე, დეტალურად ამუშავებს თითოეული კადრის კომპოზიციას.  აფართოვებს კინომატოგრაფიულ საზღვრებს: იყენებს მომიჯნავე ხელოვნებების ხერხებს. როგორც აღნიშნავენ, ცალკეული სცენები ასოცირდება მაიაკოვსკის სატირასთან, დომიეს კარიკატურებთან და მისი ნახატის გროტესკულობათან.

1934 წელს ჭიაურელი იღებს პირველ ქართულ ხმოვან ფილმს “უკანასკნელი მასკარადი”.

1938 წლიდან მისი შემოქმედება იცვლება; იწყება  სტალინიზმის ეპოქასთან დაკავშირებული „დიდი ფილმები.“

1946-1955  წლებში ჭიაურელი კინოსტუდია მოსფილმის რეჟისორი იყო, 1955-1957 წლებში – სვერდლოვსკის კინოსტუდიის რეჟისორი.ასწავლიდა თბილისის კინოსტუდიის სამსახიობო სკოლაში, 1950-1960 წლებში კი  – მოსკოვის გერასიმოვის სახლობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ВГИК).

სიცოცხლის ბოლოს კინორეჟისორი მულტიპლიკაციამ გაიტაცა. გადაიღო ანიმაციური ფილმები როგორ დამარხეს თაგვებმა კატა, ქირურგი-მამალი, რწყილი და ჭიანჭველა, საზრიანი კურდღელი  და სხვ.

გარდაიცვალა 81 წლის ასაკში, თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

მისი მეუღლე იყო თეატრისა და კინოს განთქმული ტრაგიკოსი მსახიობი, ვერიკო ანჯაფარიძე; შვილი – ცნობილი მსახიობი სოფიკო ჭიაურელი.

ფაქტობრივი მასალები და რეპროდუქციები აღებულია საიტებიდან:

ბიოგრაფიული ლექსიკონი  – www.nlpg.gov.ge/bios/ka

www.modernism.ge

https://scroll.ge/8484/lela-ochiauri-mikheil-tchia/

მიხეილ ჭიაურელი
დაბადების წელი1894გარდაცვალების წელი1974Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.