Skip to content Skip to footer
გოგი წერეთელი
დაბადება-გარდაცვალება1944-2021Share

წერეთელი გოგი

XX საუკუნის 60/70-იანელთა თაობის ქართველ გრაფიკოს მხატვართა შორის განსაკუთრებული ადგილი აქვს
დამკვიდრებული. მრავალრიცხოვანია მხატვრის მიერ შექმნილი დაზგური ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თუმცა 2000-იანი წლებიდან იგი უფრო მეტად წიგნის გაფორმებით იყო დაკავებული, ქმნიდა ილუსტრაციებსა  და ექსლიბრისებს. 1972 წელს გოგი წერეთელი ამთავრებს თბილისის სამხატვრო აკადემიას. 
სტუდენტობის წლებიდანვე მონაწილეობს ძალზე ბევრ საკავშირო და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში. მისი რამდენიმე პერსონალური გამოფენა უცხოეთშიც მოეწყო. მაშინვე ცხადი გახდა, რომ იგი თავისი თაობის ერთ-ერთ
გამორჩეულ, განსაკუთრებული ხელწერის მქონე ხელოვანად ჩამოყალიბდებოდა. მისი ადრეული გრაფიკული სერიები ლირიზმითა და პოეტურობით გამოირჩევა. 1990-იან წლებში კი მხატვარი ძირითადად ნახატის აბსტრაჰირების ხერხს მიმართავს. ამ პერიოდში შექმნილი დიდი ზომის ოფორტების  სერიები მაღალმხატვრული ოსტატობით, ლაქობრივი ფერადოვნებითა და გრაფიკული ლაკონურობით ხასიათდება, რაც მხატვრის დახვეწილი გემოვნებისა და შინაგანი მაღალი კულტურის მაჩვენებელია. დაზგურ გრაფიკაში მრავალფეროვანია მისი ტექნიკა: ოფორტი, ლინოგრავიურა, ლითოგრაფია…გოგი წერეთლის, თავის ქვეყანასა და საქმეზე შეყვარებული ხელოვანის,
ნამუშევრები ინახება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში. მის მიერ შექმნილი მაღალმხატვრული ნამუშევრები ბევრჯერ  დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომითა და მედლით. იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და დამსახურებული მხატვარი.

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.