Skip to content Skip to footer

ცეცხლაძე მამუკა

მამუკა ცეცხლაძე 1980-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1984 წელს მამუკა ცეცხლაძე მხატვრებთან – კარლო კაჭარავასთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად აყალიბებს  ჯგუფ „არქივარიუსს“. 

1985 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე მამუკა ცეცხლაძისთვის დროებით დათმობილ სახელოსნოში, ყალიბდება ახალგაზრდა მხატვრების არაფორმალური გაერთიანება „X სართული“. 

1987 წელს „X სართულის“ ჯგუფი სამუშაოდ გადადის მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში, სადაც მამუკა ცეცხლაძე მხატვარ-დეკორატორად იწყებს მუშაობას. სხვა მხატვრებიც უერთდებიან ჯგუფს და ის „მარჯანიშვილის სახელოსნოს“ სახელით ხდება ცნობილი (1991 წლის ჩათვლით). 1987 წელს შედგა ჯგუფის წევრების პირველი გასვლითი გამოფენა ბერლინში (აღმოსავლეთი ბერლინი). 

1996 წელს იყო თბილისის თანამედროვე ხელოვნების I საერთაშორისო ბიენალეს კურატორი და მონაწილე. 2008 წელს დაასურათა ლევან გველესიანის წიგნი – „მოგითხრობთ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს“. პოემის გამოცემისათვის შეიქმნა სხვადასხვა ზომის 90-მდე ილუსტრაცია.

„ფენომენალურია მამუკა ცეცხლაძე – მაშინვე წარმოუდგენელი ტექნიკა ჰქონდა. საიდან შეეძლო აეთვისებინა ეს XVII ან XIX საუკუნის მხატვრული ხერხები ასეთ ზომამდე, ასეთი უცდომელობით, საერთოდ ვერ ვხვდები – ნანახიც არ ექნებოდა; სად უნდა ენახა?! ის სურათები საბჭოთა მუზეუმებშიც კი არ იყო! მაშინ ჰოლანდიაში უნდა წასულიყო და, ზუსტად ვიცი – არ წასულა“, – ნაწყვეტი დიმიტრი თუმანიშვილის წიგნიდან „XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი“. 

მამუკა ცეცხლაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, უნგრეთის, გერმანიის, საფრანგეთის, აშშ-ის, რუსეთის, თურქეთის კერძო და სახელმწიფო კოლექციებში.


მამუკა ცეცხლაძე
დაბადების თარიღი1960Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.