ირინა შტენბერგი დაიბადა თბილისში. მხატვრის მამა, ვალენტინ შტენბერგი ინჟინერ-მშენებელი იყო, ამიტომ ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს: მოსკოვში, პეტერბურგში, ბათუმსა და ქუთაისში. 1917 წელს რევოლუციით დევნილი შტენბერგების ოჯახი თბილისში დამკვიდრდა. 1921 წელს ი. შტენბერგი სწავლას ნატიფი ხელოვნების წახალისების კავკასიური საზოგადოების სკოლაში აგრძელებს. 1923 წელს აბარებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელსაც 1928 წელს ამთავრებს. მისი პედაგოგები არიან გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე, ვ. ფოგელი, ი. შარლემანი. ირინა შტემბერგი მეგობრობს ვერა პანინასთან, ელენე ახლედიანთან, განსაკუთრებით კი ცნობილ ლიტერატორთან და მთარგმნელთან, ვლადიმერ ელსნერთან, რომლისგანაც “მირისკუსტვოს” მხატვრებსაც იცნობს.
1929 წელს ი. შტენბერგი მოსკოვში მიემგზავრება, სადაც რუსულ მხატვრულ ელიტას ეცნობა, უმეგობრდება ჯგიფის “13” წევრებს. იმავე წელს ლუნაჩარსკის ხელშეწყობით იხსნება მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოსკოვში. აქ იგი თანამშრომლობს ჟურნალებთან “Рост”, “30 Дней”, Крокодил”. 1930 წელს ბრუნდება თბილისში, მაგრამ გასაბჭოებულ საქართველოში იდეოლოგიური დიქტატი ხვდება. მის შემოქმედებაში ბურჟუაზიული ინდივიდუალიზმის ნიშნებს ხედავენ, რაც კრიტიკულად ფასდება; მხატვარი იძულებულია, კომპრომისზე წავიდეს. 1935 წელს მონაწილეობს საქართველოსა და კავკასიაში ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენაში. გამოფენას მოსდევს მხატვრის საჯარო მონანიებაც გაზეთ “კომუნისტში”, სადაც იგი იძულებულია აღიაროს, რომ მისი შემოქმედება აქამდე ბურჟუაზიული ელემენტებით იყო გაჯერებული.
1930-იანი წლებიდან ი. შტენბერგი იწყებს ქართულ გამომცემლობებთან თანამშრომლობას, მუშაობს წიგნის გრაფიკაში. ი. შტენბერგი პირველი მხატვარია, რომელიც ქმნის სერიას თემაზე “საქართველოს ქალები”, ამავე პერიოდში ის მუშაობს რფევოლუციურ თემატიკაზეც. 1936 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა თეატრებთან, უმეტესწილად ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრთან, სადაც მეგობრობს რეჟისორებთან: ა. რიდალთან, ა. რუბინთან, გ. ტოვსტონოგოვთან. 1950-55 წლებში აფორმებს სპექტაკლებს ქუთაისში, ბათუმში, გორში, ლენინაკანსა და ბაქოში. 1943 წელს მას საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება ენიჭება.
1948 წელს ი. შტენბერგი რამდენიმე თვით მოსკოვში მიდის. 1957 წლის 21 მარტს მოსკოვში იხსნება მისი მეორე პერსონალური გამოფენა, 1966 წლის 17 აპრილს კი ეწყობა კიდევ ერთი გამოფენა კულტურის მუშაკთა პროფკავშირის ხელოვნების სახლში. 1976 წელს მას საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება ენიჭება.
ირინა შტენბერგმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული სცენოგრაფიის ჩამოყალიბებაში. იგი ძირითადად ცნობილი იყო, როგორც თეატრის მხატვარი, ნაკლებად პოპულარული იყო მისი დაზგური მხატვრობა, თუმც მხატვრის თვითმყოფადობა, მისი შემოქმედების განმსაზღვრელი უმთავრესი სტილისტური ნიშნები გაცილებით უკეთ სწორედ ფერწერულსა და გრაფიკულ ნამუშევრებში ვლინდება. ეროტიზმით გაჯერებული უცნაური, ზღვარგადასული ფანტაზია და მასთან შეზავებული მსუბუქი ირონია და გროტესკი კარგად მოერგო მოდერნის სტილის ნატიფ ესთეტიკას, რამაც მთლიანობაში ი. შტენბერგის მხატვრობის განუმეორებლობა შექმნა.
ირინა შტენბერგის შემოქმედებით XX საუკუნის მიწურულს დაინტერესდნენ, როდესაც მისი ნამუშევრები პირველად გამოჩნდა ფილიფსისა და სოტბის აუქციონებზე.
წყარო: https://feminism-boell.org/ka/