ყარამან ქუთათელაძემ 1983 წელს სწავლა დაასრულა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე უჩა ჯაფარიძის სახელოსნოში. სამხატვრო აკადემიის დასრულებისთანავე იგი შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა დროს ფერწერას ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიის კინოს, რესტავრაციისა და გრაფიკის ფაკულტეტებზე. მუშაობდა სახვითი ფაკულტეტის დეკანად. იყო უჩა ჯაფარიძის, შემდგომ კი – კოკა იგნატოვის თანაშემწე. 2022 წელს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად.
ყარამან ქუთათელაძე არის მხატვართა დინასტიის წარმომადგენელი. პაპა დედის მხრიდან თბილისური ავანგარდის ერთ-ერთი შემომქმედი კირილე ზდანევიჩია, მამა – ფერმწერი და თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი აპოლონ ქუთათელაძე. ყარამან ქუთათელაძე საბჭოთა დროს მონაწილეობდა უამრავ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენაში. 1988 წელს თბილისის მუსიკალურ ცენტრში ვივალდის „წელიწადის დრონის“ შესრულების პარალელურად (დირიჟორი ვ. სპივაკოვი) მოეწყო ყარამან ქუთათელაძის ამავე სახელწოდების პერსონალური ექსპოზიცია – ცენტრის ფოიეში გამოიფინა მხატვრის 12 ნამუშევარი. 1991 წელს ქ. სიეტლში (აშშ) გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მისი პერსონალური გამოფენა. ამას გარდა, სხვადასხვა წელს მხატვრის არაერთი სოლო-ექსპოზიცია მოეწყო პარიზში. ყარამან ქუთათელაძის თაოსნობით 2008 წელს შიდა ქართლის სოფელ გარიყულაში დაარსდა თანამედროვე ხელოვნების რეგიონული ცენტრი, სადაც ყოველ წელს ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ფესტინოვა“ (“Fest I Nova”) იმართება და მოქმედებს არტისტული რეზიდენცია. მხატვრის ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.
სხვა ავტორები
თამარ (თათია) დარჩიაშვილი დაიბადა 1972 წელს თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი, ილუსტრაციის მიმართულება. მუშაობდა ა. ქუთა-თელაძის სახელობის შემოქმედებით სახელოსნოში გოგი წერეთლის ხელმძღვანელობით. შემდეგ კი სტაჟირება გაიარა ს. ქობულაძის სახელობის გრავირების სახელოსნოში. მისი შემოქმედების სფერო მოიცავს გრაფიკას, ფერწერას, ინსტალაციას, საიუველირო…
დავით ალექსიძე (დ. 1966) 1990-იან წლებში იწყებს საკუთარი ხელოვნების დემონსტრირებას. მას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია აქტიურ სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებისათვის, სადაც სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე (1988-1991) აღმოჩნდა. ის იყო „ვუნდერკინდი“ ხელოვნებაში, რომელმაც ადრეულ ასაკშივე სრულიად ჩამოყალიბებული მხატვრული სისტემა შექმნა საკუთარი ფილოსოფიითა და კრიტიკული აზროვნებით. დავით ალექსიძის ხელოვნებას,…
მზია ჯაფარიძე 1965-1971 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე გრაფიკის სპეციალობით; შემდგომ – სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში. მისი პედაგოგები იყვნენ: ლადო გრიგოლია, დინარა ნოდია. არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოს, იაპონიისა და რუსეთის კერძო კოლექციებში.…