Skip to content Skip to footer

ქობულაძე სერგო

სერგო ქობულაძე (1909-1978)- საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი; გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი. თავისი შემოქმედების ადრეულ ეტაპზე სერგო ქობულაძე თეატრის მხატვრობითა და წიგნის მხატვრული გაფორმებითაა გატაცებული. მის ამ გატაცებას ბიძგი მისცა 1934 წელს გამოცხადებულმა კონკურსმა, რომელიც მიზნად ისახავდა 1937 წელს შოთა რუსთაველის 750 წლის საიუბილეოდ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებულ გამოცემას. სერგო ქობულაძის მიერ შექმნილი აღნიშნული ილუსტრაციები დღესაც საეტაპო მნიშვნელობისაა.

1930/40-იან წლებში მის მიერ წიგნებისთვის შექმნილი ილუსტრაციები გასაფორმებლად შერჩეული ნაწარმოებების კლასიკურ ხასიათს ესადაგება. ნახატი უზადო ოსტატობისა და სრულყოფილების ნიმუშებია. მხატვრის ძლიერი ხელი ფიგურათა მკვრივ ფორმებს გამოკვეთს და მონუმენტურ კომპოზიციებს ქმნის.

1950-იანი წლების ილუსტრაციები კი უფრო ინტიმური ხასიათისაა, მეტად „ერგება “ წიგნის წიაღს, „წიგნში ცხოვრობს“, ჩანახატის ეფექტს ინარჩუნებს და ამით ერთგვარ უშუალობასაც იძენს. ეს კი მეტყველებს მხატვრის მიერ წიგნის მხატვრული ორგანიზმის ახლებურად გააზრებაზე , ამასთან, მუდმივი შემოქმედებითი ძიებებისა და მაღალი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია.

სერგო ქობულაძე მუშაობს დაზგურ გრაფიკასა და ფერწერაშიც, ქმნის პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს. ყველა მის ნამუშევარში კლასიკოსი მხატვრის ხელწერა იგრძნობა.

1960 წელს მხატვარი ქმნის ფარდას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის. ეს უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი 1973 წლის 9 მაისს გაჩენილი ხანძრის დროს განადგურდა.

სერგო ქობულაძე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა იტალიური რენესანსის ეპოქის ხელოვნების მიმართ. სიცოცხლის ბოლოს მან დაწერა თეორიული ნაშრომი „ოქროს კვეთის“ შესახებ, სადაც თავი მოუყარა წლების მანძილზე წარმოებული კვლევის შედეგებს.

სერგო ქობულაძე
დაბადების თარიღი1909გარდაცვალების თარიღი1978Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.