Skip to content Skip to footer

სესიაშვილი გიორგი

მოქანდაკე, გრაფიკოსი, პედაგოგი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, გიორგი სესიაშვილი 1893 წელს დაიბადა. 1912 წელს, ფრანგული ენის შესასწავლად ის შვეიცარიაში გაემგზავრა. პარალელურად, ჟენევის „ეკოლ დე ბოზ-არ“-ში შევიდა სასწავლებლად. ამ პერიოდის გრაფიკული ნამუჯშევრებში,  ერთი ჯგუფი ქართული სოფლის ყოფით ჩანახატებს ასახავს; მეორე – ეროტიკულ სცენებს.

1913 – 14 წლებში,  გიორგი სესიაშვილი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს შეხვდა და მისი შეგირდი გახდა.  სწორედ ნიკოლაძესთან ურთიერთობამ განსაზღვრა ახალგაზრდის მომავალი პროფესიული ასპარეზი – ქანდაკება.   

ამ პერიოდში, სესიაშვილზე დიდი გავლენა მოახდინა კუბისტურმა პლასტიკამ. 1922 წელს გიორგი სესიაშვილი თბილისის ახლადდაფუძნებული სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე ჩაირიცხა და   პროფესორ იაკობ ნიკოლაძის სტუდენტი გახდა. 1920-30-იან წლებში გაკეთებულ ესკიზებსა და ქანდაკებებში კუბისტური გავლენები გაქრა – მისი ადგილი საბჭოთა მოდერნიზმმა დაიკავა. 1934 წელს, გიორგი სესიაშვილმა ქანდაკების ფაკულტეტზე პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1965 წელს კი ამავე ფაკულტეტზე პროფესორის თანამდებობა დაიკავა.

სესიაშვილს შექმნილი აქვს მონუმენტურ – დეკორატიული  და მცირე პლასტიკის ნიმუშები. ამასთან ერთად, გაფორმებული აქვს მრავალი წყარო სამანქანო და საფეხმავლო გზების გასწვრივ საქართველოს რეგიონებში.

გიორგი სესიაშვილი ქმნიდა სკულპტურულ ესკიზებს არქიტექტურული პროექტებისთვის და რელიეფებს, სადაც ხაზს მინიჭებული აქვს დომინანტური როლი. ამ ნამუშევრებში მთავარი აქცენტი განსხვავებული ინტენსივობის ხაზების განმეორებად რიტმზეა გაკეთებული. მან გამოიმუშავა თავისებური ტექნიკა-გიფსოგრაფია (რელიეფური ხაზებით გამოყვანილი ნახატი).

სესიაშვილს შესრულებული აქვს ე. ციციშვილის (1941), ნ. ჯალაღონიას (1957), ე. ბუჩუკურის (1958), პორტრეტები.   ნამუშევრები: “ქარში” (ბარელიეფი, 1930), “მუშაობის შემდეგ” (1936), “პარტიზანი” (1944), “უხვი მოსავალი” (1956), “ბანაობის შემდეგ” (1956), “ქალიშვილი” (1960), “იყო არაბეთს როსტევან…” (1958, ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი) და სხვა. მისი ნაწარმოებების ძირითადი თემაა ადამიანის იდეალურად ლამაზი სხეული, მოძრაობის პლასტიკის მრავალფეროვნება.

სესიაშვილის  ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფდო მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.

 

 

გიორგი სესიაშვილი
დაბადების წელი1893გარდაცვალების წელი1990AuthorAuthor nameShare

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.