თენგიზ სამსონაძე ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარი იყო ქართულ სახვით ხელოვნებაში. მან 1949 წელს იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მისი სპეციალობები გახდა ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური და კინო-სატელევიზიო მხატვრობა. იგი გამორჩეული იყო თავისი პედაგოგიური მოღვაწეობითაც. 1955 წლიდან სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებში.
თენგიზ სამსონაძე აღნიშნავდა, რომ გადაცემებსა და ფილმებზე მუშაობის დაწყებისას მუდმივად გრძნობდა, რომ ტელევიზიას ადამიანებზე დიდი ზეგავლენა შეიძლება ჰქონოდა. ამიტომ მუდმივად ცდილობდა ტელევიზიის სახვითი მხარის განვითარებასა და გამდიდრებას. სწორედ მის სახელს უკავშირდება გამორჩეული ტელესტილისა და განათების დამკვიდრება საქართველოში.
პირველი საზოგადოებრივი არხის პირველი გადაცემების ყველა ტიხარი, მოძრავი ქუდი მის შემოქმდებას წარმოადგენს. მისი ესკიზებით მზადებოდა სტუდიები, ამ სტუდიებში იღებნენ სატელევზიო სპექტაქლებს, ფილმებს და მუსიკალურ გადაცემებს. მის შემოქმედებაში გამოირჩევა პირველი სატელევიზიო სპექტაკლი, 1957 წელს რეჟისორ მერაბ ჯალიაშვილის მიერ დადგმული ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა – ბებრები, სადაც სულ რამოდენიმე საგნით – ღობითა და ტახტით საოცარი სიზუსტით გადმოსცემს ერთიან ატმოსფეროს. მისი მთავარი დამსახურებაა სატელევიზიო სცენოგრაფიის ახალი ტიპის შექმნა, რომელიც შემდგომ წლებში განვითარდა სხვა მხატვრებში.
თ. სამსონაძე დამდგმელი მხატვარი იყო სატელევიზიო ფილმებისა: ფუნჯით ნათქვამი (1960), ექიმი მიდის ფეხბურთზე (1962), ციმბირის პაპა (დოკუმენტური. 1968), დილა მშვიდობისა (დოკუმენტური. 1974), კუჩხი ბედნიერი (1978), სუფთა დაფა (1981) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის სამხატვრო აკადამიის მუზეუმში და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
თავისი კარიერის განმავლობაში თენგიზ სამსონაძეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო და წოდება აქვს მიღებული, მათ შორის, 1980 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება, ხოლო 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.