გელა პატიაშვილმა 1986 წელს სწავლა დაასრულა თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ხატვა, რომლითაც ბავშვობიდან იყო გატაცებული, საბოლოოდ, მისი პროფესია გახდა. ტექნიკურმა განათლებამ, უპირველესად კი, მათემატიკამ, მხატვრის თქმით, მას სივრცის აღქმის უნარი განუვითარა და მეოთხე განზომილების არსებობაში დაარწმუნა. 1992 წელს თავისუფალი მსმენელის სტატუსით ხელოვნების ისტორიის ლექციებს ესწრებოდა პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. გელა პატიაშვილმა 30 წელი იცხოვრა საფრანგეთში. მუშაობდა კლაველის თეატრთან, მილიმაჟის, დარგოსა და სხვა ცნობილ ანიმაციურ სტუდიებთან. 2018 წლიდან კვლავ საქართველოშია და აქ აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას. მონაწილეობდა საქართველოსი და საზღვარგარეთ გამართულ პერსონალურსა და ჯგუფურ გამოფენებში: 2018 წელი – Blowing, Savickas gallery, ვილნიუსი, ლიტვა; 2018 – Field of Harmony and Agitation, საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში, აშშ; 2018 – Home
Sweet Home, „გამრეკელის“ გალერეა, თბილისი; 2017 – Couleur Couleur, გალერეა „მარლიე“, ნიცა, საფრანგეთი; 2015 – პორტრეტები, ანჟელინა პიზანუს საგამოფენო სივრცე, კანი, საფრანგეთი; 2015 – „ენჯელ არტ გალერეა“, ანდორა ლა ველა, ანდორა.. ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლი, გელა პატიაშვილის შემოქმედების მთავარი
თემაა. ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილ ნამუშევრებში ადამიანები მან ძაღლებით ჩაანაცვლა.
გელა პატიაშვილი. ვარდისფერი წინასწარმეტყველის დაბადება. 2020. ტილო, ზეთი. 130×195 სმ