ფოტოხელოვანი და პედაგოგი, იური მეჩითოვი ფოტოგრაფირებით ბავშვობიდან იყო გატაცებული, რამაც, სულ მალე, მისი პროფესიული გზა განსაზღვრა – 1972 წელს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ, მან მუშაობა ფოტოგრაფად დაიწყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი ცხოვრების დიდი ნაწილიც სწორედ კინოხელოვნებას დაუკავშირდა. მეჩითოვის პირველი პერსონალური გამოფენა თბილისის „კინოს სახლში“ 1978 წელს მოეწყო. 1979 წელს, მან სერგო ფარაჯანოვის ცხოვრების ამსახველ ფოტო-სერიაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც კინორეჟისორის სიკვდილამდე, 1990 წლამდე გაგრძელდა. 12 წლის მეგობრობის მანძილზე გაკეთებული ფოტოგრაფიები მეჩითოვმმა ალბომების სახით გამოსცსა: 2009 წელს გამოვიდა ალბომი, სახელწოდებით „სერგო ფარაჯანოვი – დიალოგების ქრონიკა“; 2014 წელს – „სერგო ფარაჯანოვი იური მეჩითოვის ფოტოებში“, რომელშიც რეჟისორის სიცოცხლის ბოლო წლებში გადაღებულ ფოტოებია გაერთიანებული და თან ახლავს ფოტოგრაფის ტექსტები.
1985 წელს, „პერესტროიკის“ პერიოდში მეჩითოვმა, თანამოაზრეებთან ერთად ფოტოჯგუფი „თვალსაზრისი“ ჩამოაყალიბა; გაერთიანების წევრებს ჰქონდათ მისია – ფოტოგრაფია თანამედროვე სახვითი ხელოვნების ავანგარდში მოექციათ. ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა, უმეტესად ტექნიკური განათლების მქონე ხალხს აერთიანებდა (სამთო ინჟინერი იური მეჩითოვი, ქიმიკოსი გურამ წიბახაშვილი, მათემატიკოსები დავით სულაქველიძე და გია ბაზღაძე, მუსიკოსი ჯანო დემეტრაშვილი და სხვები), მიზნად ისახავდა ფორტოგრაფიის პოპულარიზაციასა და მიმდინარე მოვლენების ფოტო-ისტორიის შექმნას. მთავარი კრიტერიუმი, რაც ჯგუფის წევრებს აერთიანებდა – ფოტოსინამდვილის ერთგულება იყო.
ჯგუფმა 1989 წლამდე იარსება და ცენზურისგან თავისუფალ, ახალ ფოტოჟურნალისტიკას დაუდო სათავე.
ჯგუფის მუშაობის შედეგი იყო გამოფენა „ატატუი“, ანუ – „არქივი ტენდენციური ატავიზმების, ტრუიზმების, უტოპიებისა და ინტრიგების“. გამოფენა საბჭოთა საარქივო ფოტოების მეშვეობით აბსურდის ილუსტრირებას ახდენდა და დამთვალიერებელს საბჭოთა რეალობის აღქმას უცვლიდა.
ამავე პერიოდში, გამომცემლობა „მერანში“ მეჩითოვის პერსონალური გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით „თანამედროვე ქართული პორტრეტები“ სადაც განსხვავებული სოციალური წარმომავლობისა და პროფესიების ადამიანთა შავ-თეთრი პორტრეტები იყო თავმოყრილი: „მეარღნე“, 1981, „ფოსტალიონი“, 1980, „ლენინის ძეგლი – მანგლისი“, 1987. „თვალსაზრისმა“ 5 ჯგუფური გამოფენა ჩაატარა და 1989 წელს დაიშალა. მეჩითოვის სიტყვით, სწორედ „თვალსაზრისისის“ პერიოდში ჩამოყალიბდა ის, როგორც ხელოვანი.
1989 წლიდან, გურამ წიბახაშვილისა და სხვათა მსგავსად, მეჩითოვმაც ფოტოჟურნალისტიკის სფეროში დაიწყო მუშაობა – შექმნა 90-იანი წლების პოლიტიკური პროტესტებისა და მიტინგების ამსახველი რეპორტაჟული ფოტოები.
2010 წელს გამოვიდა ალბომი „“მეჩითოვის 101 პორტრეტი“. ამას გარდა, მეჩითოვი თანაავტორია 2013 წელს გამოცემული ალბომისა „ქართული ფოტოს ისტორია. მეჩითოვს შექმნილი აქვს რამდენიმე ფოტოსერია; მათ შორის: „ფიროსმანის ფერისცვალება“, „წარსულის მოგონებანი“ და „ქართული ღვინო“.
მეჩითოვი ეწევა პედაგოიურ საქმიანობას – ლექციებს კითხულობს რამდენიმე ინსტიტუტში. ხელოვანს მონაწილეობა აქვს მიღებული 50 ჯგუფურ გამოფენაში. ამ დრომდე, გამართული აქვს 20 პერსონალური გამოფენა.