1968 წელს მან სწავლა დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია და თეიმუაზ ყუბანეიშვილი. ასპირანტურა გაიარა ანდრეი გონჩაროვის ხელმძღვანელობით მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში, სადაც ბეჭდვით პროდუქციას მხატვრულად აფორმებდა.
მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ბეჭდური გრაფიკის განვითარებაში. დაასურათა და გააფორმა ორასამდე წიგნი. მათ შორის „1001 ღამე“, „რობინ ჰუდი“, „მერი პოპინსი“, აკაკი წერეთლის საბავშვო ლექსები, გრიგოლ აბაშიძის ლექსების კრებული და პარმენ მარგველაშვილის რედაქტორობით გამოცემული დავით კაკაბაძის შემოქმედების ამსახველი სამი ტომი. მედეა ჯაბუას რედაქტირებით გამოიცა ლადო გრიგოლიას შრიფტის სახელმძღვანელო; შექმნილი აქვს შრიფტის გარნიტურები ორენოვანი საგზაო ნიშნებისთვის.
მისი ნამუშევრები ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.