ედმონდ კალანდაძე ახალი ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტობიდან, 1940-იანი წლების ბოლოდან, კალანდაძე, განსაკუთრებული ნიჭითა და აქტიურობით გამოირჩეოდა. ამ პერიოდის ქართველ მხატვართა მოღვაწეობამ მთელ საბჭოთა სივრცეში ერთგვარი პოლიტიკურ-კულტურული მოვლენის სტატუსი შეიძინა. კალანდაძის შემოქმედებაში მკაფიოდ აისახა ეპოქის საერთო კულტურული ტენდენციები, როგორც ფორმალურ-სტილისტური, ასევე იდეურ-მსოფლმხედველობითი თვალსაზრისით.
კალანდაძის თითოეული ნამუშევარი სამყაროს მოდელის შექმნისა და მისდამი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის მცდელობაა. მის შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობს გრძნობა, ინტუიცია, ფერადოვანი ხედვა. ფერწერა ედმონდ კალანდაძის ცხოვრების აზრია, საკუთარი ხედვისა და განცდების სახვითი ხელოვნების ენაზე ამეტყველების საშუალება. სინამდვილე მისთვის სიცოცხლისა და სიკვდილის, სიყვარულისა და ძალადობის, ქაოსისა და წესრიგის თანაარსებობაა. წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვეობა კალანდაძის ფერწერულ ტილოებში სხვადასხვა მხატვრულ სახედ და სიუჟეტად გარდაისახება. ეს ხან პეიზაჟია, ხან პორტრეტი, ნიუ ან ნატურმორტი. ედმონდ კალანდაძის ფერწერული ნამუშევრების მიღმა თითქმის ყოველთვის არის ქვეტექსტი, საიდუმლო, რომლის თანაზიარს მხატვარი მაყურებელსაც ხდის და რომელსაც შინაგანი იმპულსებით გადასცემს მას.