მარინე ივანიშვილი (დ.1952) მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983).
1976 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი.
არტისტული მოღვაწეობის აქტიურ წლებში, ძირითადად, მუშაობდა მცირე პლასტიკის ჟანრსა და გრაფიკაში – ორივე მედიუმში ქმნიდა მოდერნისტულ ფორმებს. მისი შემოქმედების მთავარი მოტივებია ტორსები, ცხენები და ხარები.
ელენე ახვლედიანის შემდეგ, ის პირველი ხელოვანი ქალია, რომელმაც ეროტიკული შინაარსის გრაფიკული სერიები შექმნა.
მარინე ივანიშვილი ეწეოდა მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობას – იყო მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის ქანდაკების სექციის მდივანი; 1986-89 წლებში მხატვრის სახლთან არსებულ ქანდაკების ბავშვთა სტუდიას ხელმძღვანელობდა; ამას გარდა, ხელოვნების დარგში კონსულტირებას უწევდა ონლაინ სტუდიოს ელექტრონულ კატალოგს ART.ge-ს.
მარინე ივანიშვილი მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ უამრავ გამოფენაში: გამართული აქვს პერსონალური გამოფენები ჰამბურგის ქალთა კულტურის ცენტრში (1991); ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკასა (1997) და პარიზში (2021). მისი ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.