Skip to content Skip to footer
მანანა თუმანიშვილი
დაბადების წელი1940Share

თუმანიშვილი მანანა

მანანა თუმანიშვილის აკვარელის ტექნიკით ქმნის პეიზაჟებსა თუ ნატურმორტებს, ცხოველთა პორტრეტებსა, თუ პიროვნებათა გამოსახულებებს.  საოცარი სიმძაფრითაა გამოკვეთილი ადამიანური გრძნობები – სიხარული, სევდა, შიში… იყენებს ტუშსაც – ქაღალდში შეღვენთილი, სიმუქიდან ღია ტონალობაში გადასული ლაქობრივი ეფექტებით ამოკვეთს სიღრმიდან ამოზიდულ ფიგურათა ფორმებს. ემოციით სავსე ევროპული ქალაქების ხედები,  თუ ძველი თბილისის ქუჩებს შემორჩენილი მოფუსფუსე, სიყვარულით სავსე მყუდრო გარემო; ზღვის უსაზღვრო სივრცე; მუქი ლურჯი ცის ფონსა და მიწის შესაყარზე განლაგებული მასიური ლოდები, სევდისა და მიუსაფრობის შეგრძნებას რომ ბადებს ადამიანში; ყვავილების თაიგულებიდან ამოფრქვეული ფერადოვნება; ბინდშემოწოლილი სამყაროს ჩამავალი მზის სხივებით დაფენილი მინელებული სივრცე… მხატვრის შემოქმედებაში ნიუს განსაკუთრებული ნიშა ეთმობა.

მხატვარი აკვარელთან ერთად იყენებს შერეულ ტექნიკას. სხვადასხვა საღებავითა და ტექნიკით (პასტელი, გუაში, ტუში, მონოტიპია),  სურვილისამებრ აძლიერებს ცოცხალი სხეულის რბილსა თუ მკვრივ ფორმებს. ზოგჯერ აკვარელის გამჭვირვალება პასტოზურობითაა შეცვლილი. ჩამუქებული სიღრმეებიდან გამოკრთის ფერადოვანი ლაქებით აჟღერებული ფიგურები,  თუ საგანთა ფორმები. მანანა თუმანიშვილი თავის ნიჭს, ცოდნასა და გამოცდილებას 1966 წლიდან უშურველად გადასცემდა ახალ თაობას: თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას;  დამწყებ მხატვრებს კი უზიარებდა აკვარელის რთული ტექნიკით მუშაობის გამოცდილებას. 1968 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში გამართულ გამოფენებში.

 

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.