მოქანდაკე და პედაგოგი, რომელმაც იაკობ ნიკოლაძესთან ერთად, ქართული საქანდაკო სკოლას ჩაუყარა საფუძველი.
ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ კანდელაკი პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის თავისუფალი მსმენელი გახდა. სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო, თვენახევარი საპატიმროში გაატარა. გათავისუფლების შემდგომ, დავით კაკაბაძესთან ერთად, დიმიტროვ-კავკაზსკის სამხატვრო სტუდიაში გააგრძელა სწავლა. პარალალურად, ერმიტაჟის ფონდებს ეცნობოდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს, თურქეთის ქალაქ რიზეში წითელი ჯვრის საზოგადოების კანცელარიის უფროსად მუშაობდა. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1922 წელს სამხატვრო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მისმა ქანდაკებამ ახლადშექმნილი თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგების – იოსებ შარლემანისა და ევგენი ლანსერეს ყურადღება მიიპყრო. სპეციალური სამხატვრო კომისიის შუამდგომლობით, მთავრობამ ახლადაღმოჩენილი თვითნასწავლი მოქანდაკე პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში გაგზავნა სასწავლებლად.
ნიკოლოზ კანდელაკი საქართველოში 1926 წელს დაბრუნდა და იაკობ ნიკოლაძესთან ერთად თანამედროვე ქართული ქანდაკების სკოლას დაუდო სათავე.
1930 წლიდან, ის ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ქანდაკების კათედრას. მის სახელოსნოში მუშაობნენ ქართველ მოქანდაკეთა თაობები: თამარ აბაკელია, ვალენტინ თოფურიძე, ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, ბორის ციბაძე, გოგი ოჩიაური, ჯუნა მიქატაძე და სხვები.
ნიკოლოზ კანდელაკი ძირითადად სკულპტურული პორტრეტის ჟანრში მუშაობდა – შექმნილი აქვს სამოცამდე პორტრეტი; აქანდაკებდა გამოჩენილ საბჭოთა ხელოვანებს, მეცნიერებსა და მუშებს. 1938 წელს შექმნილი „იმერელი მემაღაროე“ მის საუკეთესო პორტრეტებს შორისაა.