გივი ვაშაკიძე XX საუკუნის ქართველ მხატვართა ე. წ. 60-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ის აკადემიის დამთავრებისთანავე მონაწილეობდა ადგილობრივსა და საზღვარგარეთ მოწყობილ პერსონალურსა თუ ჯგუფურ გამოფენებში (მოსკოვი, მიუნხენი, ბერლინი, ტიროლი, ბაქო, რიგა). გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერის გამო, მისი შემოქმედება მუდამ იქცევდა დამთვალიერებლის ყურადღებას, იმსახურებდა ადგილობრივი თუ უცხოური პრესის მაღალ შეფასებას. გივი ვაშაკიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს დაზგური ფერწერისა და გრაფიკის ნაწარმოებებს; ასევე ფანქრით, ტუშით, კალმით, აკვარელითა და გუაშით შესრულებულ მრავალრიცხოვან ჩანახატებსა და ესკიზებს. მისი კომპოზიციები, პორტრეტები, ნატურმორტები, ცხოველთა გამოსახულებები თუ პეიზაჟები, სრულიად გამორჩეული სიმბოლური, ეზოთერული აზროვნებით, მძაფრი და ეფექტური ფერადოვნებით მომნუსხავ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. თბილისში მიმდინარე ძმათამკვლელი ომის დროს მხატვარმა დატოვა დედაქალაქი, საცხოვრებლად დიდ ჯიხაისში გადავიდა და გააგრძელა აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა. შეუდგა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ილუსტრაციების ხატვას და გარდაცვალებამდე, 2017 წლამდე, „ვეფხისტყაოსნის“ 122 ილუსტრაცია შექმნა. გამომცემლობა „პალიტრა-L“ -მა კი 2021 წელს გამოსცა გივი ვაშაკიძის მიერ ილუსტრირებული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მნახველზე საოცარი ძალით მოქმედებს მხატვრის უსაზღვრო და უჩვეულო ფანტაზია, რითაც ეს ილუსტრაციები სრულიად განსხვავდება მანამდე შექმნილი ყველა სხვა მხატვრის ილუსტრაციებისგან, რადგან წარმოაჩენს პოემის არსის გაგების მრავალმხრივობას, იმავდროულად, იძლევა ყველა დროში ამ პოემის თანადროულად აღქმის საშუალებას.
