Skip to content Skip to footer

გუდიაშვილი ლადო

ვლადიმერ (ლადო) გუდიაშვილი ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, მონუმენტალისტი, თეატრისა და კინოს მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი, საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.
ლადო გუდიაშვილი 1896 წელს თბილისში დაიბადა. 1910-1914 წლებში ის კავკასიის ნატიფი ხელოვნების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში სწავლობდა. 1915 წელს მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. 1916-19 წლებში ლადო გუდიაშვილი ქართველ ხელოვანთა საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მიერ მოწყობილ უმნიშვნელოვანეს ექსპედიციებში იღებს მონაწილეობას: 1916 წელს – ნაბახტევის ეკლესიის მე-15 საუკუნის ფრესკებისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შემსწავლელ ექსპედიციაში, 1917 წელს კი – სამხრეთ საქართველოში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლების შემსწავლელ ექსპედიციაში. ეროვნული კულტურისათვის ფასდაუდებელია მის მიერ შესრულებული ფრესკების ასლები.
1917-1918 წლებში ლ.გუდიაშვილმა სხვა ცნობილ ქართველ და უცხოელ მოდერნისტებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი კედლის მხატვრობა შეასრულა თბილისის არტ-კლუბებისთვის. საბჭოთა პერიოდს ვერც ერთი დეკორი ვერ გადაურჩა. 1919 წელს კი, ის დავით კაკაბაძესთან, კირილე ზდანევიჩთან, ზიგმუნდ ვალიშევსკისთან და სერგეი სუდეიკინთან ერთად მონაწილეობს კაფე ქიმერიონის (დღევანდელი რუსთაველის თეატრის ქვედა სართული) ფოიეს მოხატვაში, რომელიც ცისფერყანწელთა თაოსნობით გაიხსნა. ქიმერიონის მხატვრობა ერთადერთია, რომელიც აღდგენილია 1980-იანი წლების დასაწყისში.
1919 წელს ქართველ მხატვართა საზოგადოების ინიციატივით ლადო გუდიაშვილი დავით კაკაბაძესთან ერთად პარიზში გაემგზავრა. პარიზში, მონპარნასის უბანში დაბინავდა. თავისუფალ დროს ხშირად სტუმრობდა მხატვართა და ხელოვანთა ცნობილ კაფე როტონდას. საფრანგეთში ყოფნისას დაუახლოვდა ბევრ ცნობილ მწერალს, ხელოვანსა და ხელოვნების კრიტიკოსს – ლეონარდო ფუჟიტას, ამადეო მოდილიანს, ფრანს მაზარელს, პაბლო პიკასოს, იგნასიო ზულოაგას, ილია ერენბურგს, მორის რეინალს, პიერ ვორმსს, ანდრე სალმონს. მის სახელოსნოს ხშირად სტუმრობდნენ ანდრე ბრეტონი, ფილიპ სუპო, ლუი არაგონი,… არტისტული ბუნების მხატვარი პარიზული კარნავალების აქტიური მონაწილე იყო.
პარიზში მალევე მიპყრო ყურადღება მისმა მხატვრობამ:
-1920 წელს, შემოდგომის სალონში მან ოთხი ნამუშევარი გამოფინა: ქეიფი; იდილია; კინტოების ქეიფი ქალთან; ქეიფი გარიჟრაჟზე. ამ ნამუშევრებიდან ორი გამოფენის პირველსავე დღეებში გაიყიდა.
-1921 წელს პარიზში, გალერეა ლა ლიკორნ-ში, მოეწყო ქართველ მხატვართა – ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა.
-1922 წელს ამავე –ლა ლიკორნის გალერეაში ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო. ცნობილმა ფრანგმა ხელოვნების კრიტიკოსმა მორის რეინალმა გამოფენის კატალოგის წინასიტყვაობაში მხატვრის ოსტატობასა და ორიგინალურობაზე გაამახვილა ყურადღება.
-1925 წელს ბიიეს გალერეაში მხატვრის მეორე პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენის კატალოგში გამოქვეყნდა ცნობილი ფრანგი ხელოვნების კრიტიკოსის და პოეტის ანდრე სალმონის წერილი მხატვრის შესახებ.
-1925 წელს პარიზში გამოიცა მორის რეინალის მონოგრაფია- ლადო გუდიაშვილი.
ლადო გუდიაშვილის პოპულარულობა სულ უფრო იზრდებოდა. მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, პარიზის გალერეებმა. 1923 წელს ნიუ იორკში ახალი გალერეა გაიხსნა გამოფენით, სადაც გუდიაშვილის ნამუშევრები გამოიფინა ანდრე დერენის, რაულ დაფის, ანრი მატისის, ამადეო მოდელიანის, პოლ სინიაკის და მორის ვლამინკის ნამუშევრებთან ერთად. გამოფენის კატალოგის (New Pictures and New Gallery 1923. New York) წინასიტყვა ეკუთვნის გალერეის დამაარსებელს, ამერიკელ მხატვარს და კოლექციონერს ჯეიმს ნ. როზენბერგს.
1924 წელს გუდიაშვილმა, ა. და ნ. ბენუებთან, ს. სუდეიკინსა და ვ. შუხაევთან ერთად მხატვრულად გააფორმა პარიზში იტალიური საოპერო დასის სპექტაკლი.
1925 წლის ბოლოს ლადო გუდიაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც დამოუკიდებელი რესპუბლიკის ნაცვლად, საბჭოთა საქართველო და შესაბამისად ყოველმხრივ შეცვლილი რეალობა დახვდა.
1926 წელს სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტის პროფესორი გახდა.
1935 წელს რეჟისორ ვლადიმერ მუჯირთან ერთად შექმნა პირველი ქართული ანიმაციური ფილმი არგონავტები.
სამშობლოში დაბრუნებისთანავე მხატვარი თეატრში სამუშაოდ მიიწვია კოტე მარჯანიშვილმა.
1932 წლიდან საბჭოთა კავშირში სოცრიალიზმის დოქტრინა ამოქმედდა.
1946 წელს საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის გადაწყვეტილებით მან ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის საკურთხეველი მოხატა. ამ ფაქტის შედეგად მხატვარს პედაგოგიური მოღვაწეობა აუკრძალეს.
1957 წელს ლადო გუდიაშვილის დაბადების 60 წელთან დაკავშირებით, თბილისის ეროვნულ გალერეაში მხატვრის პერსონალური გამოფენა დაიგეგმა. გახსნის წინ ცენზურა ამოქმედდა. მიუხედავად აკრძალვისა, ახალგაზრდა მხატვრებმა ძალით გააღეს დაკეტილი კარი და გამოფენა შედგა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 800-ზე მეტი ნამუშევარი. გამოფენას დიდი წარმატება ხვდა წილად.
პარიზული პერიოდის შემდეგ ლადო გუდიაშვილის მხატვრული ხელწერა რადიკალურად შეიცვალა, არჩევენ სხვადასხვა ეტაპებს მის ფერწერულ თუ გრაფიკულ ნამუშევრებში. ლადო გუდიაშვილის მრავალფეროვანი მემკვიდრეობა თითქმის 70 წლიან შემოქმედებით პერიოდს მოიცავს. მხატვარი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მოღვაწეობდა და უმნიშვნალოვანესი მხატვრული მემკვიდრეობა დაგვიტოვა.

ლადო გუდიაშვილი
დაბადება/გარდაცვალება1896-1980Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.