თანამედროვე ქართული გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლადო გრიგოლია ქართული წიგნის ხელოვნების დიდოსტადად ითვლება.
მისი მემკვიდრეობა მოიცავს წიგნის გრაფიკას, ნახატებს, შრიფტს, წიგნის მორთულობის ნიმუშებსა და ქანდაკებას. დაწერილი აქვს სამეცნიერო ნაშრომი „ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი“.
თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა 1930 წელს. აკადემიაში სწავლის პერიოდში ერთდროულად მუშაობდა იაკობ ნიკოლაძის ქანდაკების სახელოსნოში და იოსებ შარლემანის გრაფიკის სტუდიაში.
1933 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
1928 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში.
შექმნილი აქვს შრიფტის მრავალი გარნიტურა და წიგნის სამკაულები, რომლებიც ძველქართულ ხელნაწერებსა და ნაბეჭდი წიგნების დეკორის მასალას დააფუძნა.
მისი ნაშრომი „ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი” საფუძვლად დაედო სამხატვრო აკადემიაში შრიფტის ხელოვნების სწავლების დისციპლინას.
გაფორმებული აქვს ასზე მეტი წიგნი, მათ შორის: “ვეფხისტყოსანი,” აკაკი წერეთლისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო გამოცემები.
1934 წელს, ლადო გრიგოლიას ექსლიბრისს, ერთადერთს საბჭოთა გრაფიკოსებიდან მიენიჭა საპატიო დიპლომი წიგნების საერთაშორისო გამოფენაზე კალიფორნიაში.
1958 წელს, ლადო გრიგოლიამ უხელმძღვანელა და მხატვრულად გააფორმა მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადის პროგრამა: მან შექმნა გერბი და მრავალი პლაკატი – მისმა დიზაინმა დიდი წარმატება მოუტანა პროგრამას – მხატვარი საპატიო ნიშნის ორდენით დააჯილდოვეს.