Skip to content Skip to footer

გრიგალაშვილი ნათელა

ნათელა გრიგალაშვილი – ფოტოგრაფი და ხელოვანი, რომელმაც სახელი გაითქვა საკუთარი ცხოვრებისა და განცდების ამსახველი ე.წ. პირადი ფოტოპროექტებით და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების ჩაკეტილი თემების შესახებ გაკეთებული ფოტორეპორტაჟებით.

გრიგალაშვილი ფოტოგრაფიით მას მერე დაინტერესდა, რაც 1984 წელს მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა და მუშაობა მინიატურების სახელმწიფო თეატრში მხატვარ-დეკორატორად დაიწყო.

ფოტოგრაფია მან დამოუკიდებლად შეისწავლა. თავიდან ნათხოვარი კამერით იღებდა ფოტოებს. მოგვიანებით წლების მანძილზე სხვადასხვა მედიაგამოცემებისთვის აკეთებდა ფოტოპროექტებს.

2007 წელს, ქართულ ფოტოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ნათელა გრიგალაშვილს ალექსანდრე როინიშვილის პრემია გადაეცა.

გრიგალაშვილის, როგორც ფოტოდოკუმენტალისტის სერიები უმეტეს შემთხვევაში ნარატიული. მათ ახლავს თხრობითი სათაურები, ანდა მოკლე ტექსტები. ფოტოსერია „დუხობორების მიწა“ ჯავახეთის რაიონის სოფელ გორელოვკაში მცხოვრები დუხობორების ყოველდღიურობას ასახავს. პაციფიზმისა და გენდერული თანასწორობის მქადაგებელი მართლმადიდებლური სექტის წევრები საქართველოში 1840 წელს დასახლდნენ და დღემდე ჩაკეტილ თემს ქმნიან.    ფოტოსერია „პანკისის ხეობის ქალები“ პანკისის ხეობაში კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური ჩეჩენი და ინგუში თემების ქალთა ცხოვრებაზეა. მნიშვნელოვანია გრიგალაშვილის ფოტოსერია „თაგვების სოფელი“, რომელიც  ფოტოგრაფის მშობლიური და ამჟამად თითქმის დაცლილი სოფელ თაგვეთის მოგონებებია.  სერია „დედაჩემის წიგნი“ კვლავ მშობლიურ თაგვეთსა და დედასთან ხელოვანის  ურთიერთობებს ეძღვნება. აღნიშნულ სერიაში  ფოტოგრაფი დედა-შვილს შორის დისტანციური და გულრგილი ურთიერთობის ტკივილს გადმოსცემს.

2015 წელს ნათელა გრიგალაშვილმა საქართველოს პირველი   ფოტო სააგენტო Kontakt Photos დააარსა. ხოლო 2014 – 16 წლებში ფოტოკლუბები ჩამოაყალიბა ჯავახეთში, პანკისის ხეობასა და აჭარაში.

“ჩემი სოფელი”. 2006

ნათელა გრიგალაშვილი
დაბადების წელი1965Share

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.