თემო გოცაძე – ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1989) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), პროფესორი.
თბილისის სამხატვრო აკადემიაში თემო გოცაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოში სწავლობდა. პირველი ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა მხატვარმა სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდგომ, საგაზაფხულო გამოფენაზე წარადგინა იყო „ლურჯა ცხენები“ (1965). სიმბოლისტური შინაარსისა და აბსტრაქტული გამომსახველობის გამო, ეს ფერწერული კომპოზიცია დაპირისპირებისა და აზრთა შეხლა-შემოხლის საგანი გახდა: ნამუშევრით აღტაცებული ხელოვანების ერთმა ჯგუფმა „ლურჯა ცხენები“ კომკავშირის პრემიაზე წარადგინა; მეორე ჯგუფმა კი „მიუღებელ, ბურჟუაზიულ ხელოვნებად“ მონათლა. მიუხედავად იმისა, რომ „ლურჯა ცხენები“ მკაცრად გააკრიტიკა კულტურის საკავშირო გამყოფილებამაც, მხატვარი საკუთარი ხედვისა და სამყაროს ერთგული დარჩა. მის ფერწერაში წამყვანი ადგილი უკავია მითოლოგიურ სიუჟეტებს, სიმბოლურ ხატებს, პატრიოტულ თემებსა და აბსტრაქციებს. თემო გოცაძეს შექმნილი აქვს დიდი ფორმატის, მონუმენტური ხასიათის ფერწერული ნამუშევრები. აქედან ერთ-ერთი, „სულიერი საქართველო“ მხატვარმა 1991 წელს დახატა.
თემო გოცაძეს შექმნილი აქვს მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა (1998), „ფიროსმანი“ (ახალგაზრდული ქალაქი, შავნაბადა, 1979), მართვის სისტემების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზი (თბილისი, 1980).
1983-1988 წლებში, თემო გოცაძე იყო თბილისის „მხატვრის სახლის“ დირექტორი; 1989-1995 წლებში — საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი; 1988 – 2005 წლებში — საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების “სურათების ეროვნული გალერეის” გენერალური დირექტორი. 1994 წლიდან ასწავლიდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში; შემდეგ – თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში.